LIVE

მთავრობის ადმინისტრაცია: მოქალაქეებმა ღარიბაშვილს და ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს

28 აპრ 202213:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 939
მთავრობის ადმინისტრაცია: მოქალაქეებმა ღარიბაშვილს და ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეებმა პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათი ჯიბიდან გადახდები საგრძნობლად შემცირდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესს გაეცნო. ის დაინტერესდა, რამდენად მაღალია მოქალაქეების მოთხოვნა თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე, ასევე, როგორ დაინერგა პრაქტიკაში ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა. 

"ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტებს და მოქალაქეებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური გაზრდა და ამავდროულად, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის მედიკამენტი, რომელიც შემოვიდა და შემოვა თურქეთიდან, “ჯი-ემ-პი” სტანდარტისაა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი 17 იანვარს გაიხსნა და როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შედეგად ქვეყანაში 250-მდე დასახელების, მათ შორის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები 60-70-80%-მდე ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, სააფთიაქო ქსელებში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტები დეფიციტში იყო და ჭარბი მოთხოვნის ფონზე, სააფთიაქო ქსელების ნაწილი მომხმარებლებზე მხოლოდ ერთი თვის სამყოფ დოზას გასცემდა.