LIVE

ავსტრია გაზის საფასურის რუბლში გადახდას უარყოფს

27 აპრ 202213:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 699
ავსტრია გაზის საფასურის რუბლში გადახდას უარყოფს
Leonhard Foeger / Reuters

ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია (OMV) რუსული გაზის საფასურის ევროში გადახდას აგრძელებს. როგორც ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, ყველა საპირისპირო ცნობა ყალბია.

„OMV აგრძელებს რუსეთიდან გაზის მიწოდებისთვის ევროში გადახდას. ავსტრია ემორჩილება ევროკავშირის ხედვას და მხარს უჭერს ერთობლივად მიღებულ სანქციებს“, - წერს ნეჰამერი.

ინფორმაცია, თითქოს ავსტრია დათანხმდა რუსეთის პირობას, გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ, რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა.

27 აპრილს Gazprom-მა განაცხადა, რომ შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთში. კომპანიამ ასევე გააფრთხილა ამ ქვეყნების გაზის ოპერატორები, რომ თუ მესამე ქვეყნებისთვის განკუთვნილი სატრანზიტო მოცულობებიდან დაიწყებენ რუსული გაზის უკანონოდ მიღებას, ტრანზიტისთვის მიწოდება ამ მოცულობის პროპორციულად შემცირდება.

გაზის საფასურის რუბლში გადახდა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. პუტინის პირობას დათანხმდა და რუბლში გადახდა დაიწყო სომხეთმა.