LIVE

JP Morgan Chase-ის მომსახურება ყველაზე იაფია - გოგა მელიქიძე

14 აპრ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 749
JP Morgan Chase-ის მომსახურება ყველაზე იაფია - გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერის, გოგა მელიქიძის განცხადებით, სააგენტოს JP Morgan Chase-ს მომსახურება ყველაზე იაფი დაუჯდება.

საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების განსახორციელებლად სააგენტომ სწორედ JP Morgan Chase შეარჩია. 

„ამ ეტაპზე JP Morgan Chase-ს ინვესტიციებთან დაკავშირებით ინსტრუქციას ვაძლევთ. შემდეგ კი ის განახორციელებს. კონსულტაციების გაწევით ნაკლებად არის დაკავებული. JP Morgan უმსხვილესი გლობალური საინვესტიციო ბანკი და ბროკერია. მას ყველაზე მეტი არხი აქვს, ფასწარმოქმნა კი - ყველაზე კარგი.

რაც უფრო დიდ ბროკერთან მუშაობ, მით უფრო იაფი ჯდება, რადგან პროცესში გადამყიდველები არ გყავს. ამიტომ, JP Morgan-ის მომსახურება, შეიძლება ითქვას, ყველაზე იაფია“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

მისი განმარტებით, მოლაპარაკებები სხვა საერთაშორისო ბროკერებთანაც მიმდინარეობს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ტრანზაქციების განსახორციელებლად საპენსიო სააგენტოს რამდენიმე ბროკერი ეყოლება.

უცხოურ ფასიან ქაღალდებში ფინანსური რესურსის დასაბანდებლად, საპენსიო სააგენტოს, ამ ეტპზე, დაახლოებით, 70 მილიონამდე დოლარი აქვს შეძენილი.  

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერის განცხადებით, მალე სააგენტო სავაჭრო ხაზებს ლოკალურ ბროკერებთან, „გალტ & თაგარტთან“ და „თიბისი კაპიტალთანაც“ ააწყობს, რომლებიც ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების მიმართულებით იმუშავებენ.

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საპენსიო დანაზოგები გლობალურ ფასიან ქაღალდებში განთავსდება.

31 მარტის მონაცემებით, საპენსიო აქტივების მოცულობა 2.23 მლრდ ლარამდეა გაზრდილი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 318 მილიონ ლარს შეადგენს. საინვესტიციო პორტფელის 4.2% დოლარშია ინვესტირებული.