LIVE

უახლოეს დღეებში საპენსიო დანაზოგები გლობალურ ფასიან ქაღალდებში განთავსდება - გოგა მელიქიძე

08 აპრ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1124

უახლოეს დღეებში საპენსიო დანაზოგები გლობალურ ფასიან ქაღალდებში განთავსდება. ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განუცხადა. ინვესტირებისთვის საპენსიო სააგენტომ MSCI World Index-ი შეარჩია. 

მისი თქმით, ინდექსში ძირითადი პოზიციები ისეთ კომპანიებს უკავია, როგორიცაა: „ამაზონი“, „ტესლა“, „გუგლი“, „ფეისბუქი“, JP Morgan-ი, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და ა.შ.

ვფიქრობთ, გლობალური ინვესტიციების დასაწყებად ყველაზე ოპტიმალური ინდექსია, რადგან დივერსიფიცირებულია. MSCI World Index-ში შედის დაახლოებით 24 ეკონომიკა. საუბარია განვითარებულ ეკონომიკებზე. მათ შორის, აშშ, ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, და ა.შ. ინდექსში 1500-ზე მეტი კომპანიაა თავმოყრილი. ბოლო სამი წლის განმავლობაში ინდექსის საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 13-14% იყო. ინდექსი ძირითად 11 სექტორზეა გადანაწილებული. მეტი წილი - 24% ტექნოლოგიურ სექტორზე მოდის. მას მოჰყვება ფინანსური მომსახურება, მესამე პოზიციაზე კი ჯანდაცვის სექტორია“,- უთხრა „ბიზნეს ფორმულას“ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა. 

გოგა მელიქიძის განცხადებით, სააგენტოს ამ დროისთვის, დაახლოებით, 62 მილიონამდე დოლარი აქვს შეძენილი. მისივე განმარტებით, გლობალურ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება, საპენსიო დანაზოგებს ინფლაციური რისკებისგან მაქსიმალურად დაიცავს.

„ინფლაციის რისკისგან მაქსიმალურად რომ დავაზღვიოთ, სწორედ ამის გამო გადავდივართ ასე აგრესიულად დოლარში და შემდეგ უკვე ფასიან ქაღალდებში. იმიტომ რომ, ინფლაცია იზრდება გაცილებით სწრაფად, ვიდრე მას მიჰყვება ფიქსირებული შემოსავლების ინსტრუმენტები. რაღაც დონეზე შეიძლება მიაბა, მაგრამ ჩვენთან ისეთი ინსტრუმენტი არ არსებობს, რომ ინფლაციაზე ერთი ერთში იყოს მიბმული. ყველაზე სწორი ინფლაციის ჰეჯი, არის რეფინანსირების განაკვეთზე მიბმა. ჩვენი პორტფელის 40% გვაქვს რეფინანსირებაზე მიბმული. მაქსიმალურად დავიკავეთ ეს ნაწილი. ეს იყო ერთი დაზღვევა ინფლაციისგან და მეორე მნიშვნელოვანი დაზღვევა არის ის, რასაც ახლა ვაკეთებთ“,- აღნიშნა გოგა მელიქიძემ. 

შეგახსენებთ, 31 მარტის მონაცემებით, საპენსიო აქტივების მოცულობა 2.23 მლრდ ლარამდეა გაზრდილი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 318 მილიონ ლარს შეადგენს. საინვესტიციო პორტფელის 4.2% დოლარშია ინვესტირებული.