LIVE

აშშ-მა რუსეთს ამერიკული ანგარიშებიდან ვალის გადახდა აუკრძალა

05 აპრ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1765
აშშ-მა რუსეთს ამერიკული ანგარიშებიდან ვალის გადახდა აუკრძალა
DADO RUVIC/REUTERS

შეერთებული შტატების ხაზინამ რუსეთს აშშ-ის საბანკო ანგარიშებიდან დოლარში დენომინირებული ვალდებულებების მომსახურება აუკრძალა. ამით ვაშინგტონმა გააძლიერა ზეწოლა მოსკოვზე, რათა მოიძიოს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები ობლიგაციების დასაფარად.

ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის სპიკერის თქმით, ამ ნაბიჯის მიზანია აიძულოს რუსეთი, არჩევანი გააკეთოს სამ არამიმზიდველ ვარიანტს შორის: საკუთარ ქვეყანაში არსებული დოლარის რეზერვების ამოწურვა, ახალი შემოსავლების დახარჯვა ან დეფოლტი.

აშშ-ის მთავრობამ თავდაპირველად ვალის გადახდები სანქციებში არ მოაქცია, თუმცა ამ გადაწყვეტილების ვადა 25 მაისს გადის.

მიუხედავად სარეიტინგო კომპანიებისა და სხვათა გაფრთხილებისა, პუტინის მთავრობა დღემდე ასრულებდა საგარეო ვალდებულებებს. $2 მილიარდის ობლიგაცია, რომელსაც ვადა ორშაბათს ამოეწურა, იყო უახლესი სტრეს ტესტი, თუმცა რუსეთმა შეძლო დაფარვამდე არსებული რუბლის დაახლოებით სამი მეოთხედის დაბრუნება.

Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, აშშ-ის უახლესი ნაბიჯი გაამკაცრებს კონტროლს 27 მაისს გადასახდელებზე.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სავალუტო და ოქროს რეზერვები $604,4 მილიარდამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გასული წლის აგვისტოს შემდეგ. ეს ნიშნავს $38,8 მილიარდიან კლებას თებერვლის პიკთან შედარებით.

თეთრი სახლის მიზანია, კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე უკრაინაში შეჭრის დასასრულებლად. გადაწყვეტილება მოჰყვა ბრალდებებს, რომ რუსეთის ჯარმა ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკი მეთოდებით დახოცა.

მიუხედავად ამისა, რუსეთს შეუძლია მიიღოს შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან, რადგან აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციები ენერგეტიკულ გარიგებებს არ მოიცავს. სწორედ ამ ხელშეკრულებებით პუტინს მიმდინარე წელს $321 მილიარდის გამომუშავება შეუძლია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ ფლეტლი