LIVE

პუტინს ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან $321 მილიარდის მიღება შეუძლია

03 აპრ 202215:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1099
პუტინს ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან $321 მილიარდის მიღება შეუძლია
Bloomberg

უკრაინასთან ომის პირველი თვის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა მერყეობდა, მაგრამ შეიძლება მოახერხოს ბალანსის პოვნა, თუ მისი ზოგიერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არ შეაჩერებს ენერგიის ექსპორტს. 

Bloomberg Economics-ის პროგნოზით, მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთი მიმდინარე წელს თითქმის $321 მილიარდს მიიღებს ენერგიის ექსპორტიდან - მეტს, ვიდრე გასულ წელს. მიმდინარე ანგარიშის რეკორდულმა პროფიციტმა შესაძლოა $240 მილიარდს მიაღწიოს. 

“რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი კვლავ მყარად გამოიყურება”,- განაცხადეს IIF-ის ეკონომისტებმა. სანქციების დაწესების გამო, რუსეთში მყარი ვალუტის მნიშვნელოვანი შემოდინება, როგორც ჩანს, გაგრძელდება. 

თუმცა, პროგნოზი შეიძლება მთლიანად შეიცვალოს ენერგეტიკული ემბარგოს შემთხვევაში და ამის გარეშეც - თუ ნავთობის ექსპორტი და წარმოება შემცირდება, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო პროგნოზირებს, რომ რუსეთმა შეიძლება დაკარგოს ნავთობის მოპოვების თითქმის მეოთხედი მიმდინარე თვეში. 

ქვეყნის ბევრი ტრადიციული მყიდველი ასევე ეძებს სხვა ვარიანტებს და არ აპირებს ხელი მოაწეროს ახალ კონტრაქტებს რუსეთიდან მიწოდების შესახებ. სხვები, როგორიცაა ინდოეთი, დიდ ფასდაკლებებს იღებენ. 

უკრაინაში შეჭრამ შოკში ჩააგდო გერმანია და მისი მოკავშირეები, აიძულა რადიკალურად შეეცვალათ ენერგეტიკული პოლიტიკა და ბლოკი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ჩქარობს. ამ დროისთვის, ევროპის უდიდესი ეკონომიკა ეწინააღმდეგება სანქციებს ან პოლიტიკურ ზეწოლას, რამაც შეიძლება ენერგიის სრული ემბარგო გამოიწვიოს. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, სურთ სრული ემბარგო რუსეთიდან იმპორტზე. 

ნავთობი და გაზი რუსეთის ექსპორტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს და გასულ წელს ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 40% უზრუნველყო. 

Bloomberg-ს ეკონომისტი, სკოტ ჯონსონი მიიჩნევს, რომ “ნახშირწყალბადების შემოსავლები რუსეთის ეკონომიკისთვის მაშველი რგოლია, რომელიც სხვაგვარად მკაცრი სანქციების ზემოქმედების შემსუბუქებას და საგადასახდელო ბალანსის კრიზისის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. თუმცა, ენერგეტიკული ემბარგოს გარეშეც კი, ინფლაცია მკვეთრად იზრდება და რუსეთს ღრმა რეცესია ელის”. 

თუმცა, TS Lombard-ის თანახმად, რუბლის მკვეთრი გაუფასურებისა და დოლარში ნავთობის მაღალი ფასის ერთობლიობა ბიუჯეტს დამატებით 8,5 ტრილიონ რუბლს ($103 მილიარდი) მოუტანს მიმდინარე წელს. 

“როგორც ჩანს, ყველა ეს სანქცია გაანადგურებს ეკონომიკის არაენერგეტიკულ ნაწილს და რუსეთი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება ენერგეტიკაზე”,- ამბობს მადინა ხრუსტალევა, TS Lombard-ის ანალიტიკოსი.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან ომმა ენერგორესურსების მიწოდება შეაფერხა, იმპორტისა და შიდა მოთხოვნის შოკი იმდენად ძლიერი იქნება, რომ მიმდინარე ანგარიშმა, ვაჭრობისა და მომსახურების ყველაზე ფართო მაჩვენებელმა, შეიძლება მიაღწიოს ახალ ისტორიულ მაჩვენებელს, გასული წლის $120 მილიარდიანი რეკორდიდან. 

Goldman Sachs-ის შეფასებით, ეს შესაძლოა საკმარისი იყოს რუსეთის ბანკისთვის, დააკმაყოფილოს კერძო სექტორის მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე და საბოლოოდ შემსუბუქდეს კაპიტალის კონტროლი.

იმის გამო, რომ რუსი მომხმარებლები უკვე დაზარალდნენ ინფლაციით გამოწვეული შემოსავლების შემცირებით, Goldman-ის ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს იმპორტის 20%-იანი კლება მოხდება, რაც ორჯერ აღემატება ექსპორტის მოსალოდნელ შემცირებას. 

ჯანსაღი ბალანსი არ დაიხსნის რუსეთს ღრმა რეცესიისგან, მაგრამ ხელს უწყობს სახელმწიფო ხარჯებს იმ დროს, როდესაც მთავრობას არ აქვს წვდომა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე.

TS Lombard-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუბლის გაცვლითი კურსი ეფექტურად არის მხარდაჭერილი მიმდინარე შემოდინებით ახლა, როდესაც სანქციებმა გაყინა ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი. 

რუსეთის შესაძლებლობა, გაყიდოს ნავთობი და გაზი საზღვარგარეთ, შესაძლოა იყოს ერთადერთი რამ, რაც ეკონომიკას კიდევ უფრო სერიოზული ფინანსური კოლაფსისგან იცავს. 

მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტების ასოციაციამ (IIF) განაცხადა, რომ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ენერგეტიკული ემბარგო წარმოებას 20%-ზე მეტით შეამცირებს და შესაძლოა რუსეთს $300 მილიარდამდე დაუჯდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია