LIVE

ომიკრონ XE შეიძლება ყველაზე გადამდები ვარიანტი იყოს

05 აპრ 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1655
ომიკრონ XE შეიძლება ყველაზე გადამდები ვარიანტი იყოს

ჩინეთში დაფიქსირებულმა Covid-19-ის ახალმა ვარიანტებმა და გაერთიანებულ სამეფოში პოტენციურად უფრო გადამდები შტამით ინფიცირების შემთხვევების მატებამ, Covid-19 და მასთან დაკავშირებული რისკები კვლავ დღის წესრიგში დააყენა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) განაცხადა, რომ ომიკრონის ორი შტამის: BA.1-სა და BA.2-ს ჰიბრიდი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს და XE უწოდეს, შეიძლება ყველაზე გადამდები ვარიანტი აღმოჩნდეს. ვარაუდობენ, რომ ის 10%-ით უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე BA.2, რომელიც თავისთავად უფრო გადამდები იყო, ვიდრე ორიგინალი ომიკრონი, რომელიც ცნობილია შეღწევადობის სიმარტივით.

ამავე დროს, ჩინეთში, სადაც 2020 წლის შემდეგ, ინფექციის ყველაზე დიდი გავრცელება ფიქსირდება, გამოვლინდა ომიკრონის ორი ახალი ქვევარიანტი, რომლებიც არ ემთხვევა ამ დრომდე არსებულ თანმიმდევრობას. გაურკვეველია, ეს შემთხვევები მცირე მნიშვნელობის ერთჯერადი გამოვლინებაა თუ შეიძლება მომავალი პრობლემების ნიშნები იყოს. 

"თუ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძალიან გადამდები ვირუსის (როგორიცაა ომიკრონის ვარიანტი) შეკავების ზომები არაეფექტური იქნება, ეს შეიძლება გახდეს საფრთხე დანარჩენი მსოფლიოსთვის“,- ამბობს ბიოლოგიური თავდაცვის სფეროში თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი რაჯიევ ვენკაიამ,  რომელიც ახლახან ფარმაცევტული კომპანია Aerium Therapeutics-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

მისივე თქმით, უკონტროლო გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული ევოლუცია და მოქმედი ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები ნაკლებად ეფექტური გახადოს.  

რაც შეეხება ვარიანტ XE-ს, გაერთიანებული სამეფომ ამ ვარიანტის 630-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. 

"ახალ რეკომბინანტებს უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ ამ დროისთვის პანიკაში არ უნდა ვიყოთ",- ამბობს ვირუსოლოგი და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი ლეო პუნი, რომელიც თვალყურს ადევნებდა და წერდა მოხსენებებს ახალი შტამების გაჩენის შესახებ. 

Covid-ის რეკომბინანტული ვარიანტის - ორი შტამის ნაზავის აღმოჩენა მეცნიერებისთვის მოულოდნელი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა დელტა და ომიკრონის შტამები ფართოდ ცირკულირებს.  ვირუსოლოგის თქმით, სავარაუდოა, რომ ზოგიერთი ადამიანი ორივე შტამით დაინფიცირდება. თუ ვარიანტი ბევრ რეგიონში გამოვლინდება და საზოგადოებაში გავრცელდება, მაშინ ეს შემაშფოთებელი იქნება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლინდა ლიუ და მიშელ ფეი კორტესი