LIVE

წლიური ინფლაცია 13.7%-ია - საქსტატი

02 მარ 202211:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1355

საქსტატის მონაცემებით, თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა. უკვე 8 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.1% იყო. 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (34%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.4%), პური და პურპროდუქტები (20.8%), თევზეული (18.2%), ზეთი და ცხიმი (17.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.6%), ხილი და ყურძენი (15.5%), რძე, ყველი და კვერცხი (14.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.4%). 

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.4%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.5%). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-2.9%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.5%-ით. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19.6%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8%).

საქსტატის თანახმად, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა: 

  • კომბოსტო - ზრდა 238.28%;
  • ბადრიჯანი - 80.59%
  • ბუნებრივი გაზის გადასახადი - 78.26%;
  • ელექტროენერგიის გადასახადი - 73.79%;
  • ქლიავი - 58.30%;
  • ნაგვის გატანის გადასახადი - 58.09%;
  • წყლის გადასახადი - 57.73%;
  • პომიდორი -41.61%;
  • თერმომეტრი - 39.82%;
  • მანდარინი - 38.17%. 

შეგახსენებთ, იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა.