LIVE

აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან 180 მილიონი ბარელის გამოტანას გეგმავს

31 მარ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 917
აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან 180 მილიონი ბარელის გამოტანას გეგმავს

მზარდი ინფლაციის გამო შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის გამოშვება გაზარდოს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს გეგმას, რეზერვებიდან გამოუშვას დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობი რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა ებრძოლოს საწვავზე გაზრდილ ფასებს და მიწოდების დეფიციტს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი $5-ზე მეტად შემცირდა. 

მთლიანი გამოშვება შესაძლოა 180 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს.

გეგმას ახლავს დიპლომატიური მოწოდება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიმართ, კოორდინაცია გაუწიოს სხვა ქვეყნების ანალოგიურ ნაბიჯებს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

დღეს, 31 მარტს, ჯო ბაიდენი ისაუბრებს ენერგიის ფასების შემცირების მცდელობებზე და “ამერიკული ოჯახებისთვის გაზის ფასის შემცირებაზე”, რაშიც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს. 

ბაიდენი იძულებულია შეანელოს ინფლაცია და, კერძოდ, ბენზინის ფასები ნოემბრის შუალედური არჩევნების მოახლოების გამო. ადმინისტრაციის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რომ ბენზინგასამართი სადგურებზე ფასები 2022 წელს დაეცემოდა, ის გაიზარდა.

ბაიდენმა უკვე გასცა ბრძანება გასული ექვსი თვის განმავლობაში აშშ-ის მარაგებიდან ნავთობის გამოშვების შესახებ - 50 მილიონი ბარელი ნოემბერში და კიდევ 30 მილიონი ბარელი მარტში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, თუმცა ამ გადაწყვეტილებებს ფასებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

ამავდროულად, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა დაერწმუნებინა OPEC-ის ქვეყნები, გაეზარდათ წარმოება საწვავის ფასების შესამცირებლად.

ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 25 მარტის მდგომარეობით, ამერიკული ნავთობის რეზერვის მოცულობა 568 მილიონ ბარელს შეადგენს.

ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გასულ კვირას ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრის დროს განიხილა ნავთობის მიწოდებისა და რეზერვებიდან ნავთობის დამატებითი გამოშვების შესაძლებლობა.

ევროპაში ვიზიტის დროს ბაიდენმა ასევე გამოაცხადა შეთანხმება ევროკავშირთან, რათა ბლოკს მიაწოდოს დამატებით 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი მიმდინარე წელს, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

ევროკავშირის ქვეყნები ამუშავებენ გეგმებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირის მონაცემებით, რუსეთი, მსოფლიოში ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორი, ევროკავშირს გაზის მთლიანი მოხმარების 40%-ზე მეტს აწვდის, ასევე ნავთობის იმპორტის 27%-ს და ნახშირის იმპორტის 46%-ს. 

პუტინმა ასევე მოითხოვა, ქვეყნებმა გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ. G-7-ის ქვეყნებმა რუსეთის ლიდერის მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვეს, რადგან ეს კონტრაქტების დარღვევა იქნებოდა. თუმცა, გაჩნდა შიში, რომ კრემლმა შესაძლოა საპასუხო რეაგირება მოახდინოს მიწოდების შეწყვეტით. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი, ჯენიფერ ჯეიკობსი და სალეჰა მოსინი