LIVE

აშშ-მა და ევროკავშირმა თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

25 მარ 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 754
აშშ-მა და ევროკავშირმა თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

შეერთებული შტატები და ევროკავშირი ევროპისთვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილების მიზანი კონტინენტის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაა. 

შეთანხმება გულისხმობს 2022 წლის ბოლომდე მიწოდების სულ მცირე 15 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდას. 

“ვერთიანდებით, რათა შევამციროთ ევროპის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე”,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ 15 მილიარდი კუბური მეტრი “დიდი ნაბიჯია ამ მიმართულებით”.

ევროპას რუსული გაზის უმეტესი ნაწილი მილსადენებით შემოაქვს და მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის LNG-ის სახით. რუსეთი მილსადენებით აწვდის დაახლოებით 150 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, საიდანაც 14-დან 18 მილიარდამდე მოდის LNG-ის სახით. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შეფერხება რთული იქნება ევროპისთვის. 

ეს საკითხი გადამწყვეტია, რადგან რუსეთი ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელია. სწორედ მასზე მოდის იმპორტირებული ენერგორესურსების 40%-ზე მეტი. 

27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი აპირებს, მიმდინარე წელს ჩაანაცვლოს გაზის იმპორტის თითქმის ორი მესამედი, რაც გასულ წელს 155 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.

აშშ-დან დამატებითი იმპორტის დაწყებას დრო დასჭირდება, რადგან ევროპა შეზღუდულია მიმდინარე რეგაზიფიკაციის სიმძლავრეებით, ტერმინალების რაოდენობითა და ინტერკონექტორებით.

საწვავის იმპორტი აშშ-დან გაიზარდა ევროპის ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომელიც ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთიდან შეზღუდული ნაკადების ფონზე დაიწყო. 2021 წელს LNG-ის ტრანსატლანტიკური მიწოდება დაახლოებით 22 მილიარდი კუბური მეტრი იყო. 2022 წლის იანვარში ის 4,4 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯორდან ფაბიანი, ჯოშ ვინგროვი და ევა კრუკოვსკა