LIVE

იანვარ-თებერვალში საქართველომ ელექტროენერგიის 67% რუსეთისგან იყიდა

21 მარ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1350
იანვარ-თებერვალში საქართველომ ელექტროენერგიის 67% რუსეთისგან იყიდა

მომდინარე წლის იანვარში-თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.8%-ით, 763.7 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. 

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იმპორტის 67.2% (513 მლნ კვტ/სთ) რუსეთიდან განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან უდიდესი ნაწილი, 460.9 მლნ კვტ.სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა.

135.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა საქართველომ სომხეთში, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტმა აზერბაიჯანიდან 114.8 მლნ.კვტ.სთ-ს მცირედით გადააჭარბა.

საქსტატის მონაცემებით, ორ თვეში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში  $21.6 მილიონი გადაიხადა.

იმპორტისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.7%-ით, 1914.6 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზარდა ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია. გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 15%-ით, 2574.0 მლნ კვტ/სთ-მდე არის გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარებაც.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო მნიშვნელოვნად გახდა დამოკიდებული რუსულ ელექტროენერგიაზე, რაც ძირითადად ოკუპირებულ აფხაზეთში გაზრდილ მოხმარებასთანაა დაკავშირებული. ესკოს მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 25%-ით გაზარდა, მთავარი მომწოდებელი კი რუსეთი გახდა.

„გალთ & თაგარტის“ მიმოხილვის თანახმად, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებული იმპორტის ფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საბაზრო ფასს, რაც მთლიანი იმპორტის ფასზეც ახდენს გავლენას. კერძოდ, გასულ წელს საქართველოსათვის ელექტროენერგიის ჯამური იმპორტის საშუალო ღირებულებამ 1 კვტ.სთ-ზე 2.4 ცენტი შეადგინა, ხოლო აფხაზეთისთვის განხორციელებული იმპორტის გამოკლებით, დანარჩენი იმპორტის ფასი კვტ.სთ-ზე 2021 წელს 4.5-6.1 ცენტის შუალედში მერყეობდა.