LIVE

1 კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს საშუალოდ 2.4 ცენტი უჯდება

23 თებ 202221:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 920
1 კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს საშუალოდ 2.4 ცენტი უჯდება

2021 წელს ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება საქართველოს წლიურად 26.2%-ით შეუმცირდა და $47.6 მილიონი შეადგინა.

„გალთ & თაგარტის“ მიმოხილვის თანახმად, რუსეთიდან აფხაზეთის რეგიონისთვის განხორციელებული იმპორტის ფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საბაზრო ფასს. სწორედ ამიტომ შემცირდა იმპორტის რაოდენობის ზრდის მიუხედავად, იმპორტზე დახარჯული ჯამური თანხა.

2021 წელს, ელექტროენერგიის იმპორტის 62.1% რუსეთიდან განხორციელდა (აქედან 49.7% ოკუპირებული აფხაზეთისთვის), 29.9% აზერბაიჯანიდან და 8% თურქეთიდან.

აღსანიშნავია, რომ იმპორტის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა ოკუპირებული აფხაზეთისთვის განხორციელებული იმპორტის მაღალმა წილმა განაპირობა, რადგან ამ რეგიონისთვის იმპორტი განხორციელდა სპეციალურ დაბალ ფასად 0.5 ცენტად. საქართველოსათვის ელექტროენერგიის ჯამური იმპორტის საშუალო ღირებულებამ 1 კვტ.სთ-ზე 2.4 ცენტი შეადგინა.

აფხაზეთის რეგიონისთვის განხორციელებული იმპორტის გამოკლებით, დანარჩენი იმპორტის ფასი კვტ.სთ-ზე 2021 წელს 4.5-6.1 ცენტის შუალედში მერყეობდა.

როგორც მიმოხილვაშია მითითებული, 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით 13.1%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 7.6%-ით გაიზარდა და 13.7 მლნ. კვტ.სთ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აფხაზეთის რეგიონის გაზრდილმა მოხმარებამ (+15.8% წ/წ ). აფხაზეთის მოხმარების გამოკლებით, დანარჩენი საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 12.4%-ით გაიზარდა 2021 წელს და 10.7 მლნ. კვტ.სთ შეადგინა. პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით კი ელექტროენერგიის მოხმარება 2021 წელს მხოლოდ 0.7%-ით გაიზარდა.

2021 წელს 23.5 მგვტ.-ით გაიზარდა და 4.5 გვტ.-ს მიაღწია ქვეყნის დადგმულმა სიმძლავრემაც. 2021 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური, აქედან უმეტესობას აქვთ გარანტირებული ტარიფი (PPA). 2021 წლის ბოლოს, საქართველოს დადგმულმა სიმძლავრემ 4.5გვტ. შეადგინა (+0.5% წ/წ) საიდანაც 3.3 გვტ-ს ჰესებია (103 სადგური), 1.2 გვტ.-ს თბოსადგურები (7 სადგური), ხოლო 20.6 მგვტ-ს ქარის ელექტროსადგური.