LIVE

რატომ ვერ შეძლებს რუსეთი ვალის გადახდას - ქვეყანა დეფოლტის ზღვარზეა

16 მარ 202218:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 1153
რატომ ვერ შეძლებს რუსეთი ვალის გადახდას - ქვეყანა დეფოლტის ზღვარზეა

დასავლეთის სანქციების შედეგად რუსეთი დეფოლტის ზღვარზე აღმოჩნდა. ქვეყანას $117 მილიონი დღეს აქვს გადასახდელი, მისი $630 მილიარდის უცხოური ვალუტის რეზერვები კი გაყინულია.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები აცხადებენ, რომ რუსეთის დეფოლტი გარდაუვალია.

რატომ ვერ შეძლებს რუსეთი ვალის გადახდას?

რუსეთის მთავრობას და ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Gazprom-ი, Lukoil-ი და Sberbank-ი, უცხოელი ინვესტორების დაახლოებით $150 მილიარდის ვალი აქვთ.

ვალის უმეტესი ნაწილი დოლარში ან ევროშია, რუსულ ინსტიტუტებს კი სანქციების გამო დოლარის და ევროს აქტივებზე, რომლებიც საზღვარგარეთ არის დაცული, წვდომა ეკრძალებათ.

თუ რუსეთი დეფოლტს გამოაცხადებს, ეს ქვეყნისთვის ვალის გადაუხდელობის პირველი შემთხვევა იქნება 1998 წლის შემდეგ.

თუ რუსეთი რუბლში გადაიხდის, ეს მაინც დეფოლტი იქნება?

მთავრობამ შესაძლოა გადაწყვიტოს დოლარში გადახდა, რომელიც რუსეთში ინახება. თუ ეს მოხდება, მაშინ დეფოლტთან დაკავშირებული შფოთი გაქრება.

კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ რუსეთმა დღეს გადახდა არ შეასრულოს. თუმცა, ტექნიკურად, მას 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს, რაც გადახდის საბოლოო თარიღს 15 აპრილამდე გადაწევს.

მესამე ვარიანტია, რომ რუსეთმა ვალდებულება რუბლში დაფაროს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის საერთაშორისო ინვესტორებს რუბლებში გადაუხდის, თუ მათ დოლარში ან ევროში გადახდაში ხელს შეუშლიან.

თუმცა, დოლარში დენომინირებული ობლიგაციებიდან, რომლებიც რუსეთმა დღეს უნდა დაფაროს, არც ერთი არ იძლევა სხვა ვალუტის გამოყენების საშუალებას. ასე რომ, სავარაუდოდ, ეს დეფოლტს გამოიწვევს.

რას ნიშნავს ეს ბანკებისთვის ან ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადახდები უნდა მიიღონ?

რუსეთში ინვესტიციების ღირებულება ბოლო დღეებში შემცირდა. საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა 21-ქულიანი რეიტინგის სკალაზე, რომელიც განსაზღვრავს რამდენად სანდოა ქვეყანა ინვესტორებისთვის, რუსეთის რეიტინგი ახლა მეორე ყველაზე დაბალ პოზიციაზეა და შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს.

Moody's აცხადებს, რომ ის რუსეთისგან დეფოლტს ელის და რუსეთში ინვესტორებმა შესაძლოა ფულის 35%-დან 65%-მდე დაკარგონ.

რას ნიშნავს ეს გლობალური ეკონომიკისთვის?

Capital Economics-ის მთავარი ეკონომისტის, უილიამ ჯექსონის თქმით, დეფოლტი ძალიან სიმბოლური იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს.

IMF-ი აცხადებს, რომ ომის შედეგად გლობალური ეკონომიკის ზრდის 4.4%-იანი პროგნოზი შემცირდება, მაგრამ რუსეთის დეფოლტს გლობალურ ფინანსურ სისტემაზე დიდი გავლენა არ ექნება

რა გავლენას მოახდენს დეფოლტი რუსეთზე?

ნებისმიერი ვალის დეფოლტი, სავარაუდოდ, გაამწვავებს ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ახლა რუსეთი დგას.

სანამ უკრაინაში შეიჭრებოდა, რუსეთი ითვლებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კრედიტუნარიან ქვეყნად, ვალის დაბალი დონით. მაგრამ ახლა ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა.

სანქციების შედეგად მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდება. თებერვალში ინფლაცია ქვეყნის უკრაინაში შეჭრამდე უკვე აღწევდა 9,15%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 20%-მდე გაზარდა, სავარაუდოა, რომ ქვეყანაში ინფლაცია კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება.