
რუსეთის ეკონომიკა იძირება, ვალუტამ კოლაფსი განიცადა, ქვეყნის ვალს კი junk სტატუსი მიენიჭა. შემდეგი პოტენციური დეფოლტია, რომელიც ინვესტორებს შესაძლოა მილიარდები დაუჯდეთ და ქვეყანა დაფინანსების უმეტესი ბაზრებიდან განდევნოს.
დოლარის ობლიგაციებზე $117 მილიონის პროცენტის სახით გადახდის პროცესი, რომელიც მთავრობამ ოთხშაბათს უნდა დაიწყოს, ქვეყნის ვალის მფლობელებისთვის გადამწყვეტი მომენტია.
რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ყველა ვალს მოემსახურება. თუმცა, ეს მოხდება რუბლში, რადგან სანქციები, რომლებიც ქვეყანას ომის გამო დაუწესდა, არ იძლევა დოლარში ანგარიშსწორების შესაძლებლობას. გადაუხდელობა ან ადგილობრივ ვალუტაში გადახდა წამმზომს ჩართავს დეფოლტების პოტენციური ტალღისთვის, რომელიც $150 მილიარდიან ვალს შეეხება. ვალს, რომელიც რუსეთის მთავრობას და რუსულ კომპანიებს Gazprom-ს, Lukoil-ს და Sberbank-ს ერთად აქვთ.
რუსეთი უკვე არის კომერციულად განდევნილი. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა სანქციებითა და უცხოური ფირმების ბაზრიდან გასვლით, როგორიცაა Coca-Cola, Volkswagen-ი და ბევრი სხვა, სერიოზულად დაზარალდა.
ბიზნესები და შინამეურნეობები ორნიშნა ეკონომიკურ ვარდნას განიცდიან. ქვეყანაში ინფლაცია 20%-მდე დაჩქარდა. რუსეთის ფინანსთა მინისტრის მიხედვით, ქვეყნის რეზერვების ნახევარი, რომელიც დაახლოებით $300 მილიარდს შეადგენს, გაყინულია. მიუხედავად კრემლის პოლიტიკისა უცხოური ვალის მომსახურებასთან დაკავშირებით, კომპანიებს მაინც ძალიან გაუჭირდებათ საკუთარი ობლიგაციების მომსახურება, რადგან შემცირებული მოთხოვნა გაყიდვებისა და მოგებისთვის მძიმე დარტყმაა.
სანქციების და მათ საპასუხოდ რუსეთის სხვადასხვა ბრძანებების ფონზე, დეფოლტი გარდაუვალი ჩანს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ვალი საგულისხმო ოდენობისაა, ის, სავარაუდოდ, საკმარისი არ არის ფინანსურ ბაზრებზე სისტემური პრობლემის გამოსაწვევად. ასე ფიქრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ დეფიციტის წარმოქმნის შესაძლებლობა სისტემურად რელევანტური არ არის.
ამის მიუხედავად, თუ ობლიგაციების მფლობელები ოთხშაბათს დოლარში გადახდებს არ მიიღებენ, ეს იქნება ძალიან გრძელი, რთული პროცესის დასაწყისი. ისტორია არასრულყოფილი სახელმძღვანელოა, მაგრამ მსოფლიო ბანკის (World Bank) მთავარი ეკონომისტის კარმენ რეინჰარტის აზრით, რუსეთი უკვე ფლობს რეკორდს ყველაზე დიდ დაშორებაში დეფოლტსა და კრედიტორებთან რაიმე სახის შეთანხმებას შორის.
რაც შეეხება რუსულ კომპანიებს, მანამდეც კი, სანამ რომელიმე ერთი ვალდებულებებს არ მოემსახურება, ჩნდება კიდევ ერთი გამოწვევა: იპოვონ იურისტები და მრჩევლები, რომლებსაც მათთან თანამშრომლობა სურთ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდნი მაკი