„საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის“ ხელმძღვანელის ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეზღუდოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა და შემოიღოს მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი.
„უკვე იგრძნობა, რამდენად ბევრი ადამიანი შემოდის ჩრდილოეთიდან. ამას სტატისტიკაც არ სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში დაწესდეს სავიზო რეჟიმი და გაკონტროლდეს ვინ შემოდის საზღვარზე. ასევე უნდა გაკონტროლდეს, რა კომპანიები შემოდიან საქართველოში. ამბობენ, რომ 230 განაცხადი კეთდება დღეში და ეს ძალიან საყურადღებო ფაქტია“,- აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.
მისი განცხადებით, თუ უვიზო მიმოსვლა არ შეიზღუდება, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციამ, შესაძლოა, მძიმე შედეგი გამოიღოს.
„გადაწყვეტილებები, რასაც ახლა სახელმწიფო იღებს, ქუჩაში აგრესიას ზრდის. როცა მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, მაშინ ამ გადაწყვეტილებებს ადამიანები იღებენ, რომ პერსონალურად იმოქმედონ. ეს კი ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის“,- აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.
მისი განმარტებით, იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, ბიზნესზე საუბრის დრო არ არის, რადგან საქმე ღირსებას ეხება.
„ახლა ბიზნესზე საუბრის დრო არ არის, ახლა საუბარია ღირსებაზე და ჩვენი ქვეყნის იმიჯზე. ქართველები ვტრაბახობთ, რომ მაგრები ვართ. ეს ყველას საქმით უნდა დავანახოთ. თუ ახლა სწორ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, მსოფლიოს თვალში მეზღაპრეებად დავრჩებით.
არ ვიცი ნორმალური ბიზნესი, რომელიც გრძელვადიან გეგმებს ამყარებს რუსეთზე. ბაზარს როდის ჩაკეტავს და როდის გახსნის, უცნობია“,- ამბობს ლევან ქოქიაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა მთავრობას წერილით მიმართეს და სხვადასხვა ქმედებასთან ერთად, რუსეთისთვის მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდეს.