LIVE

Netflix-ს რუსეთში პუტინის 20 პროპაგანდისტული არხის ჩვენება მოუწევს

28 თებ 202223:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 2163
Netflix-ს რუსეთში პუტინის 20 პროპაგანდისტული არხის ჩვენება მოუწევს

ამერიკული სტრიმინგის გიგანტი, Netflix შესაძლოა იძულებული გახდეს, რომ ეთერში კრემლის პროპაგანდა გაუშვას, რაც რუსეთში ამოქმედებული ახალი ვალდებულებების ნაწილია.

კერძოდ, 1 მარტს, Netflix რუსეთში დაექვემდებარება ახალ ვალდებულებებს მას შემდეგ, რაც დაემატა "აუდიოვიზუალური სერვისების" რეესტრს, რომელსაც ზედამხედველობას უწევს ქვეყნის კომუნიკაციების მარეგულირებელი, Roskomnadzor-ი.

რეესტრი ვრცელდება სტრიმინგ სერვისებზე, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე მინიმუმ 100,000 ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავთ. მათ მოეთხოვებათ 20 რუსული ფედერალური არხის დაშვება. Moscow Times-ის ცნობით, მათ შორისაა რუსეთის პირველ არხი, NTV და Spas - არხი, რომელსაც მართავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ვალდებულება Netflix-ს მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ექნება, სადაც მას 1 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

შეასრულებს თუ არა Netflix-ი მოთხოვნას უცნობია, კომპანიაში საკითხის შესახებ POLITICO-სთან კომენტარი არ გააკეთეს. ექსპერტების შეფასებით, კომერციული ინტერესების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკული სტრიმინგის გიგანტი დატოვებს რუსულ ბაზარს.

აღნიშნული, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დასავლეთის გაძლიერებულ შიშს ემთხვევა იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებს მოსკოვი პროპაგანდისტულ მედიას. ევროკავშირმა უკვე დაუწესა სანქციები კრემლის პროპაგანდისტებს. სანქცირებულ პირებს შორის არიან ტელევიზია RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.