LIVE

რუსეთს ნორვეგიის $1,3 ტრილიონიანი ნავთობის ფონდიც ტოვებს

28 თებ 202200:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 2522
რუსეთს ნორვეგიის $1,3 ტრილიონიანი ნავთობის ფონდიც ტოვებს

ნორვეგიის $1,3 ტრილიონი ნავთობის ფონდი რუსულ ინვესტიციებს გაყიდის. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერის ფართო პაკეტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ გამოაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ნორვეგიის ცენტრალური ბანკი დაუყოვნებლივ გაყინავს ყველა ახალ ინვესტიციას რუსეთში და რუსული აქტივების გაყიდვას დაიწყებს.

Bloomberg-ის თანახმად, ფონდი 2020 წლის ბოლოს რუსეთში $3,3 მილიარდის აქციებსა და ობლიგაციებს ფლობდა.

ამასთან, ნორვეგიამ განაცხადა, რომ სანქციები მოახდენს რუსეთს ფინანსურ იზოლაციას „ცენტრალურ ბანკზე დარტყმით და რამდენიმე რუსული ბანკის Swift-ის გადახდის სისტემიდან ამოღებით“. ამასთან, რუსეთისთვის ნორვეგიის საჰაერო სივრცე დაიკეტება.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად, ნორვეგიის მთავრობა უკრაინას მატერიალურადაც ეხმარება. კერძოდ, ნორვეგიის მთავრობა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ორ მილიარდ კრონამდე გამოყოფს და ასევე უზრუნველყოფს სამხედრო აღჭურვილობით, როგორიცაა ჩაფხუტები და დამცავი ჟილეტები. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ნორვეგიამ უკვე გასცა 250 მილიონი კრონი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის ბაზარს ტოვებს BP-იც. ბრიტანულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა BP-მ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად ნავთობკომპანია Rosneft-ში 19,75%-იან წილს გაყიდის.