რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო და ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
ფონ დერ ლაიენი: EU-ს სანქციები რუსეთის ეკონომიკას გაანადგურებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში საუბრობს სანქციების შესახებ, რომლებიც „რუსეთის ეკონომიკის სერიოზულ დასუსტებას“ ითვალისწინებს.
"ჩვენ გავყინავთ ევროკავშირში რუსულ აქტივებს და შევაჩერებთ რუსული ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზარზე. ეს ზომები სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსეთზე, გაზრდის კაპიტალის გადინებას, გაზრდის ინფლაციას და თანდათან გაანადგურებს მის ინდუსტრიულ ბაზას",- თქვა ლაიენმა.
რუსეთი უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განხილვისთვის მზადაა
რუსეთი მზადაა უკრაინასთან ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსსა და იარაღის განთავსებაზე უარის თქმის შესახებ მოლაპარაკებისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
“პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ რას ველოდებოდით უკრაინისგან, რათა მოგვარდეს კონცეპტუალური პრობლემები. ეს არის ნეიტრალური სტატუსი, ეს არის იარაღის განლაგებაზე უარი. არსებობს კითხვა, არის თუ არა მზად უკრაინის ხელმძღვანელობა ამისათვის?”,- განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა განაცხადა, რომ რაც უკრაინაში ხდება, არის არა ომი, არამედ სპეცოპერაცია ქვეყნის დენაციზაციის მიზნით და დემილიტარიზაცია რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
ლუკაშენკო პუტინთან სარაკეტო სისტემების განლაგებას განიხილავს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ელოდება ქვეყანაში ისკანდერისა და S-400 თავდაცვის სისტემების შესაძლო განლაგების საკითხის განხილვას ვლადიმერ პუტინთან.
“გავმართეთ კონსულტაციები სამხედროებთან და ვხედავთ, რომ სასურველი იქნებოდა ისკანდერებისა (სარაკეტო სისტემების) და S-400-ების რამდენიმე დივიზიის განთავსება, რათა რეალურად შეგვეძლოს სიტუაციის კონტროლი ბერლინამდე”,- განაცხადა ლუკაშენკომ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ლიეტუვის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ “შესაძლო არეულობისა და პროვოკაციების გამო” საზღვრების დასაცავად ჯარის გაგზავნას აპირებს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინას ყველანაირი საშუალებით დაეხმარება, “მათ შორის პოლიტიკური მხარდაჭერით და იარაღის გაგზავნით”.
კალასმა ესტონელებს სიმშვიდის შენარჩუნება ურჩია და ამბობს, რომ ამჟამად ესტონეთის საზღვრებს საფრთხე არ ემუქრება.
რუსეთის თავდასხმა ევროპის ისტორიაში “გარდამტეხი წერტილია” - მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის “გარდამტეხი წერტილი” ევროპის ისტორიაში.
“ომის არჩევით პუტინმა მხოლოდ უკრაინას არ შეუტია. მან გადაწყვიტა განახორციელოს ათწლეულების მანძილზე ყველაზე სერიოზული თავდასხმა მშვიდობასა და სტაბილურობაზე ევროპაში“,- განაცხადა მაკრონმა.
მოსალოდნელი სანქციების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამიზნე რუსეთის სამხედრო, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სექტორები იქნება.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებებს კონტინენტისთვის “ხანგრძლივი და ღრმა” შედეგები ექნება.
კიევის მიმდებარედ რუსული ვერტმფრენები ჩამოაგდეს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევის რეგიონში სამი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
“ერთი რუსული ვერტმფრენი K-52 და სამი შვეულმფრენი ჩამოგდებულია კიევის რეგიონში“,- ნათქვამია სამინისტროს.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ექვსი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში საკონსულო მომსახურება შეაჩერა
CNN-ის ინფორმაციით, ამჟამად უკრაინაში შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა აღარ იმყოფება.
CNN-ის წყაროს ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკელი დიპლომატები პოლონეთში იმყოფებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ამერიკელი დიპლომატები ქვეყანაში არ დაბრუნებულან და არც აპირებენ ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში.
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ღამით საკონსულო მომსახურების შეჩერების შესახებ განაცხადა.
“2022 წლის 24 თებერვალს, სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა საკონსულო ოპერაციები ლვოვში“,- ნათქვამია საელჩოს ვებ-გვერდზე.
გერმანია: UE რუსეთის წინააღმდეგ “მასიური სანქციების პაკეტს” მიიღებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ “სანქციების სრული პაკეტის” გავრცელებას და დასძინა, რომ მსოფლიომ მტკიცედ უნდა უპასუხოს უკრაინაში შეჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კიდევ უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.
“ჩვენ დღეს სხვა სამყაროში გავიღვიძეთ”,- განუცხადა ბაერბოკმა ჟურნალისტებს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბაერბოკმა აღნიშნა, რომ რუსეთმა “უარყო შეთავაზება მოლაპარაკებებზე“. მან ასევე პირდაპირ მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და თქვა: “თქვენ ვერასოდეს გაანადგურებთ დემოკრატიაზე ოცნებას”.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა გერმანიის მოქალაქეებს, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა და დასძინა, რომ თუ ისინი უსაფრთხოდ ვერ დატოვებენ ქვეყანას, უნდა დარჩნენ უსაფრთხო ადგილას.
ბაერბოკის განცხადებით, გერმანია მალე გადაწყვეტს, შეძლებს თუ არა ქვეყნის საელჩო ლვოვიდან მუშაობას.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რუსეთის ელჩი დდაიბარა, რათა “ახსნას რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში. ჩვენ დავაწესებთ მკაცრ სანქციებს და გავაერთიანებთ ქვეყნებს უკრაინის მხარდასაჭერად”,- დაწერა ტრასმა Twitter-ზე.
პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებს დღეს მოგვიანებით გამოაცხადებს და სატელევიზიო განცხადებას გააკეთებს.
ლუკაშენკო - ბელარუსის ჯარები შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის წინააღმდეგ
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ჯარებმა შეიძლება მონაწილეობა მიიღონ რუსეთის სამხედრო ოპერაციაში უკრაინის წინააღმდეგ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ბელტა.
ზელენსკი - უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. გადაწყვეტილების მიზეზი დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყება გახდა.
გადაწყვეტილებით ორივე მხარე კარგავს ორმხრივი კომუნიკაციის შესაძლებლობას. ასევე შეწყდება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მიმდინარეობს მესამე ქვეყნების შუამავლობით.
ყველა მსურველ უკრაინელს მიეცემა იარაღი - ზელენსკი
"უკრაინა იარაღს მისცემს ყველას, ვისაც ჩვენი მიწის დაცვა უნდა",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა (BPSU) გამოაქვეყნა ფოტოები,რომელთა თანახმად, რუსული სამხედრო კოლონა კვეთს სამხრეთ უკრაინას ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან. უკრაინის ცნობით, რუსეთის სამხედრო კოლონებმა ასევე გადაკვეთეს საზღვარი ბელარუსიდან და აღმოსავლეთით.
ზელენსკის ადმინისტრაცია: ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ დღეს “ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო”.
“რუსეთი თავს ესხმის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ თანამედროვე სამყაროში ნორმალური ცხოვრების ყველა წესს. რა დარჩება უსაფრთხოების სისტემიდან კონტინენტზე? არაფერი”,- განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი განმარტებით, რუსების დღევანდელი შეტევა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმით დაიწყო - ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, სამხედრო ობიექტებზე, სამხედრო შტაბებზე.
“არსებობს ცნობები ამ დარტყმების დროს დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ. ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან რუსული ძალები შეტევაზე გადავიდნენ - ტანკებით, თვითმფრინავებით, რუსული დივერსიული ჯგუფებით. ჩვენი ჯარი იგერიებს შეტევებს, მტერი განიცდის მნიშვნელოვან ზარალს”,- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა .
პოდოლიაკი აცხადებს, რომ საჯარო სისტემა, სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად მუშაობენ.
“ახლა მთავარია ქვეყნის დაცვაზე მაქსიმალური კონცენტრაცია და ხალხის ნორმალური ცხოვრების შენარჩუნება, მაგრამ უკრაინას სჭირდება მეტი მხარდაჭერა მსოფლიოსგან და ძალიან კონკრეტული - სამხედრო-ტექნიკური, ფინანსური, მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. დასავლეთს უნდა იმოქმედეთ დღეს, პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივ კონტაქტშია პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან”,- განაცხადა პოდოლიაკმა.
ბორელი: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე ბნელი საათია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა “ევროპისთვის ყველაზე ბნელ საათებს” შორისაა ბოლო 80 წლის განმავლობაში, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა.
“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი საათი ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ”,- განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ბორელი უკრაინისთვის “გადაუდებელი დახმარების” პირობას დებს.
რუსული სამხედრო კოლონა უკრაინის სამხრეთში შევიდა
უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა (BPSU) გამოაქვეყნა ფოტოები,რომელთა თანახმად, რუსული სამხედრო კოლონა კვეთს სამხრეთ უკრაინას ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან.
DPSU ამბობს, რომ რუსეთის ჯარებმა სამხედრო ტექნიკის გადატანამდე საარტილერიო ცეცხლი გახსნა. უკრაინის ცნობით, რუსეთის სამხედრო კოლონებმა ასევე გადაკვეთეს საზღვარი ბელარუსიდან და აღმოსავლეთით.
მაკრონი რუსეთს სამხედრო ოპერაციის “დაუყოვნებლივ” შეწყვეტისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა „დაუყოვნებლივ“ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში.
“საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ომის წამოწყების შესახებ. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. საფრანგეთი უკრიანის სოლიდარულია. ის მხარს უჭერს უკრაინელებს და მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად”,- დაწერა მაკრონმა Twitter-ზე.
პუტინმა ომი დააბრუნა ევროპაში - ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გმობს ვლადიმერ პუტინს “ევროპაში ომის დაბრუნებისთვის”.
ლაიენი აცხადებს, რომ მოგვიანებით შემოგვთავაზებენ “მასიური” სანქციების პაკეტს რუსული ეკონომიკისა და მისი “მოდერნიზაციის შესაძლებლობების” შესუსტების მცდელობის მიზნით.
პუტინი თანამედროვე ჰიტლერია - პეტრო პოროშენკო
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა დეპუტატმა, პეტრო პოროშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “თანამედროვე ჰიტლერი” უწოდა. მისი თქმით, “დღეს ტრაგიკული დღეა”, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს.
პოროშენკომ ეს განცხადება უკრაინის პარლამენტში გააკეთა, სადაც დეპუტატები კრიზისულ მოლაპარაკებებს მართავენ. უკრაინის პარლამენტში ვითარება დაძაბულია, შიგნით უამრავი შეიარაღებული ადამიანია, განუცხადა BBC-ს შენობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა.
რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
BBC ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, რომ შვიდი ადამიანი დაიღუპა რუსული ძალების მიერ დაბომბვისას. ექვსი ადამიანი ოდესის მახლობლად, პოდილსკში სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ემსხვერპლა. დაჭრილია შვიდი ადამიანი. 19 პირი დაკარგულია.
მათივე ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილია მარიუპოლში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: “უკრაინა თავს დაიცავს, უკრაინა გაიმარჯვებს”
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მიმართა “უკრაინელებს მთელს მსოფლიოში”.
“პუტინი თავს დაგვესხა, მაგრამ არავინ გარბის. ჯარი, დიპლომატები, ყველა მუშაობს. უკრაინა ომშია. უკრაინა თავს დაიცავს. უკრაინა გაიმარჯვებს. გააზიარეთ სიმართლე თქვენს ქვეყნებში პუტინის შემოჭრის შესახებ და მოუწოდეთ მთავრობებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ”,- წერს კულება.
უკრაინამ 5 რუსული თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩამოაგდო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ხუთი რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს, როდესაც რუსული ჯარები უკრაინას დაესხნენ თავს.
დაიბომბა 6, მათ შორის კიევის აეროპორტი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალების განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთით “ინტენსიური დაბომბვა” დაიწყეს.
რუსეთმა ასევე განახორციელა სარაკეტო დარტყმა კიევის ბორისპოლისა და 5 სხვა აეროპორტზე. უკრაინის საჰაერო ძალები ცდილობენ რუსეთის საჰაერო თავდასხმის მოგერიებას. მათ რამდენიმე
განცხადებაში უარყოფილია ცნობები ქალაქ ოდესაში რუსეთის მედესანტეების გამოჩენის შესახებ.