LIVE

წლიური ინფლაცია 13.9%-ია: პური 20.5%-ით, ზეთი 20%-ით, ხორცი 12%-ით გაძვირდა

03 თებ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1280

საქსტატის მონაცემებით, იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა. უკვე ზედიზედ მეშვიდე თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ის ასევე მნიშვნელოვნად აჭარბებს ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.6%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის დაჩქარების მთავარი კონტრიბუტორი კვლავ გაძვირებული სურსათია. კერძოდ, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (23.3%), პური და პურპროდუქტები (20.5%), ზეთი და ცხიმი (19.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (18.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.2%), თევზეული (16.6%), რძე, ყველი და კვერცხი (14.4%), ხილი და ყურძენი (13.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.9%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7%). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3%).

შეგახსენებთ, დეკემბერში, წლიური ინფლაცია ასევე 13.9% იყო. გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ს შეადგენს, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სებ-ის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.