LIVE

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე დატოვა

02 თებ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 905
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ს შეადგენს, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სებ-ის განმარტებით, 2021 წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული მაღალ ინფლაციას სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მასშტაბით გაზრდილი ფასები განაპირობებს. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება, სანამ ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები არ შერბილდება.

„ინფლაციური მოლოდინების რისკების მატების ფონზე, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. კვლავ აქტუალურია, რომ, მიწოდების მძლავრი შოკების პირობებში, ინფლაციის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნებამ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები არ გაზარდოს. ამასთან, იკვეთება რისკები, როგორც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე გლობალური ფინანსური პირობების მოსალოდნელზე სწრაფი გამკაცრების კუთხით. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ დონეზე დატოვა“,- აცხადებენ ეროვნულ ბანკში. 

სებ-ის პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება. 

რეფინანსირების განაკვეთი ლარის ღირებულებას განსაზღვრავს, ანუ საპროცენტო განაკვეთს, რომლითაც კომერციული ბანკები ცენტრალური ბანკისგან ლარის რესურსს სესხულობენ, ხოლო შემდეგ მომხმარებლებზე გაასესხებენ. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 30 მარტს ჩატარდება.

შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომა დეკემბერში გაიმართა. მაშინ კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში წლიური ინფლაცია 13.9%-ია.