Goldman Sachs Group-ის ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი უფრო აგრესიულად გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, ვიდრე ადრე ელოდნენ.
ეკონომისტები, იან ჰაციუსის ხელმძღვანელობით, ვარაუდობენ, რომ Fed-ი თითქმის ნულოვან სამიზნეს მიმდინარე წელს ხუთჯერ გაზრდის. ამდენად, წლის ბოლომდე, ნიშნული 1,25-1,5% იქნება.
Goldman Sachs-ი საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას ვარაუდობს მარტში, მაისში, ივლისში, სექტემბერსა და დეკემბერში.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა თქვა, რომ ოფიციალური პირები მზად არიან გაზარდონ განაკვეთები მარტში და ტოვებენ შესაძლებლობას შემდგომი ცვლილებებისთვის 40 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ინფლაციის შესაჩერებლად. 28 იანვრის მთავრობის მოხსენებამ აჩვენა, რომ დასაქმების ხარჯების ინდექსი დეკემბრის ჩათვლით 4%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 20 წლის განმავლობაში.
“მიმდინარე კვირის დასაწყისში ჯერომ პაუელის კომენტარებმა ცხადყო, რომ Fed-ის ხელმძღვანელობა მზად არის გამკაცრების უფრო აგრესიული ტემპისთვის”, - ამბობენ Goldman Sachs-ის ეკონომისტები.
Fed-ს შეუძლია შეცვალოს მექანიზმები, თუ საბაზრო პირობები შეიცვლება, ან ეკონომიკა შენელდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე პროგნოზირებული იყო, ან გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას პროგნოზირებულზე მეტად, თუ ინფლაცია საკმარისად მაღალი დარჩება.
Bank of America პროგნოზირებს განაკვეთის შვიდჯერ ზრდას 2022 წელს, BNP Paribas-ი - ექვსჯერ, ხოლო JPMorgan-ი და Deutsche Bank-ი - ხუთჯერ. Nomura Holdings-ი კი თვლის, რომ ცენტრალური ბანკი მარტში განაკვეთებს 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის, რაც ყველაზე დიდი ნახტომია 2000 წლის შემდეგ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: საიმონ კენედი