LIVE

სილქნეტი 1 და 5 დღიან ულიმიტო ინტერნეტ პაკეტებს აძვირებს

26 იან 202217:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 7085
სილქნეტი 1 და 5 დღიან ულიმიტო ინტერნეტ პაკეტებს აძვირებს

28 თებერვლიდან „სილქნეტის“ მობილური ქსელის მომხმარებლებს 1 და 5 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები გაუძვირდებათ. კერძოდ, 1 დღიანი ულიმიტო ინტერნეტი 1 ლარის ნაცვლად 1 ლარი და 50 თეთრი ეღირება, ხოლო 5 დღიანი პაკეტის ფასი 2 ლარით, 6 ლარამდე ძვირდება.

როგორც „სილქნეტში“ აღნიშნავენ, მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის ამოქმედდება სტანდარტული ინტერნეტ პაკეტები გაზრდილი მოცულობებით და შეცვლილი ტარიფებით: 800 მბ-დან 35,000 მბ-მდე და აღნიშნული პაკეტების აქტივაცია კვლავ *135# კოდით იქნება შესაძლებელი. ასევე იცვლება „სილქ კოსმო”-ს ინტერნეტ პაკეტების ტარიფები და მოცულობები.

28 თებერვლიდან, „ნულომანი“-ს, „გლობუსი“-ს, „12 თეთრიანი ტარიფი“-ს, „ტარიფი 1-10“-ს და „ტარიფი 1-12“-ს  მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი, უნივერსალური სატარიფო გეგმა „სილქ სტარტი“, რომელიც განახლებისას ჩაანაცვლებს მოქმედ შეთავაზებებს. მომხმარებლები თვეში 1 ლარად „სილქ სტარტ“-ის ფარგლებში ისარგებლებენ სპეციალური ტარიფებით სასაუბრო წუთებზე, სმს-ებზე და მობილურ ინტერნეტზე.

იცვლება „ნომრის დაფარვა“, „დაფარული ნომრის ამომცნობი“, „ფასდაკლება საერთაშორისო ზარებზე“ და „ჯეო მრიცხველი“-ს ტარიფები. ცვლილება ასევე შეეხება დამატებითი ტელევიზიის მომსახურების ტარიფს და მომსახურების შეზღუდვის პირობებს ფიქსირებული ქსელის მომხმარებლებისთვის.

მომდევნო თვიდან ტარიფებს ზრდის „მაგთიკომიც“. კერძოდ, ძვირდება მობილური ინტერნეტის ტარიფები - უქმდება ულიმიტო 25-ლარიანი პაკეტი და 10 თებერვლიდან ხელმისაწვდომი იქნება 30 ლარიანი კოქტეილი (ულიმიტო წუთები და SMS-ები, 3000 MB ინტერნეტი), ულიმიტო ინტერნეტ კვირა 2 ლარით, 7 ლარამდე ძვირდება, ულიმიტო დღე-ღამე კი 1 ლარის ნაცვლად 1 ლარი 50 თეთრი ეღირება. ამასთან, „ბილაინის“ აბონენტებისთვის სტანდარტული ტარიფის პირობებში ცვლილება შედის. 7 თებერვლიდან 1 წუთის ღირებულება ყველა ადგილობრივ ქსელთან სასაუბროდ 4 თეთრით, 14 თეთრამდე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ მობილურმა ოპერატორებმა ტარიფების გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთეს განაცხადი, მაგრამ მაშინ, კომუნიკაციების კომისიის ჩარევით ტარიფები არ გაძვირდა. უკვე გასული წლიდან გაუქმდა სატარიფო კონტროლი და შესაბამისად, ტარიფების ცვლილება მარეგულირებლის ნებართვას აღარ საჭიროებს.