LIVE

“ბილაინი“ სტანდარტულ სასაუბრო ტარიფს აძვირებს

11 იან 202223:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 5069

„ბილაინის“ აბონენტებისთვის სტანდარტული ტარიფის პირობებში ცვლილება შედის. 7 თებერვლიდან 1 წუთის ღირებულება ყველა ადგილობრივ ქსელთან სასაუბროდ 4 თეთრით, 14 თეთრამდე იზრდება.

კომპანიის განცხადებით, ზარის წამოწყების ღირებულება 10 თეთრი იქნება.

„სტანდარტული ტარიფი ზარის განხორციელებისას მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ნომერზე არ არის გააქტიურებული სასაუბრო პაკეტი ან „ყველაფერი მაქსი“-ს რომელიმე ტარიფი. რაც ნიშნავს, რომ ბალანსზე სასაუბრო წუთების არარსებობის შემთხვევაში ზარის განხორციელებისას თანხის ჩამოკლება ხდება ძირითადი ბალანსიდან“,- განმარტავენ კომპანიაში.

ამასთან, სტანდარტული ტარიფის დანარჩენი პირობები რჩება უცვლელი: 1MB – 10 თეთრი, 1 SMS – 1 თეთრი.

აღსანიშნავია, რომ ტარიფებს ზრდის „მაგთიკომიც“. კერძოდ, ძვირდება მობილური ინტერნეტის ტარიფები - უქმდება ულიმიტო 25-ლარიანი პაკეტი და 10 თებერვლიდან ხელმისაწვდომი იქნება 30 ლარიანი კოქტეილი (ულიმიტო წუთები და SMS-ები, 3000 MB ინტერნეტი), ულიმიტო ინტერნეტ კვირა 2 ლარით, 7 ლარამდე ძვირდება, ულიმიტო დღე-ღამე კი 1 ლარის ნაცვლად 1 ლარი 50 თეთრი ეღირება.

მობილურმა ოპერატორებმა ტარიფების გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთეს განაცხადი, მაგრამ მაშინ, კომუნიკაციების კომისიის ჩარევით ტარიფები არ გაძვირდა. უკვე გასული წლიდან გაუქმდა სატარიფო კონტროლი და შესაბამისად ტარიფების ცვლილება მარეგულირებლის ნებართვას აღარ საჭიროებს, თუმცა საცალო სატარიფო რეგულაციიდან გამოსვლის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიას კვლავ შეუძლია კომპანიებს ტარიფების ზრდა შეუზღუდოს, თუ დადგინდება, რომ ადგილი აქვს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და მომხმარებლის ინტერესების შეზღუდვას.