LIVE

რუსეთს კრიპტო მაინინგის აკრძალვა სურს

21 იან 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1154
რუსეთს კრიპტო მაინინგის აკრძალვა სურს

რუსეთის ცენტრალური ბანკი ქვეყნის შიგნით ყველა ციფრული ვალუტის გამოყენებისა და მაინინგის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტებისთვის დამახასიათებელია პირამიდის სქემის ნიშნები. ის ძირს უთხრის მონეტარული პოლიტიკის სუვერენიტეტს, რაც საბოლოოდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სისტემას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაინინგი აზიანებს ქვეყნის "მწვანე დღის წესრიგს" და რისკს ქმნის რუსეთის ენერგომომარაგებისთვის. 

„კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ფინანსური სტაბილურობის პოტენციური რისკები გაცილებით მაღალია განვითარებადი ბაზრების პირობებში, მათ შორის რუსეთში“,- აცხადებს ცენტრალური ბანკი.

ბანკის პოზიცია თანხვედრაშია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის, FSB-ის პოზიციასთან, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციის დასაფინანსებლად კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვას.

რუსეთში კრიპტოვალუტით გადახდა უკვე აკრძალულია. გასული წლის დეკემბერში ურთიერთდახმარების ფონდებს მასში ინვესტირება აეკრძალათ. გუშინ ცენტრალურმა ბანკმა მოითხოვა პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს და კომპანიებს, რომლებიც წესებს არღვევენ. 

რუსეთის კრიპტოვალუტის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში დაახლოებით $5 მილიარდს შეადგენს.

რუსეთში კრიპტო მაინინგის განვითარებას ხელი შეუწყო ჩინეთის მიერ მსგავსი ტრანზაქციების აკრძალვამ. კემბრიჯის უნივერსიტეტის მონაცემებით, ოქტომბერში გამოქვეყნებული სტატისტიკით, გასულ წელს რუსეთი მსოფლიოში მესამე უდიდესი კრიპტო მაინერი გახდა. მას აშშ და ყაზახეთი უსწრებენ. ყველაზე დიდი ობიექტები განლაგებულია ქვეყნის ჩრდილოეთით და ციმბირში, სადაც ტემპერატურა დაბალია და ხელმისაწვდომია იაფი ელექტროენერგია. BitRiver, Minespot და BitCluster არიან იმ უმსხვილეს კომპანიებს შორის, რომლებიც ინდუსტრიაში მომსახურებას უზრუნველყოფენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ევგენია პისმენნაია და ანდრეი ბირიუკოვი