შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ რუსი აქტორები ამზადებენ დივერსიულ ოპერაციებსა და პროვოკაციებს საკუთარი ძალების წინააღმდეგ, რათა გაამართლონ უკრაინაში შეჭრა, თუ დიპლომატიური მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდება.
ადმინისტრაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის მთავრობამ წინასწარ გაწვრთნა ოპერატიული ძალები, რომლებიც მომზადებულები არიან ქალაქურ ომში და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებაში, დივერსიის განსახორციელებლად რუსეთის მარიონეტული ძალების წინააღმდეგ უკრაინაში ან მის მახლობლად.
“რუსეთი უკვე აქტიურად მუშაობს უკრაინაში შეჭრის საბაბის შესაქმნელად. ფაქტობრივად, გვაქვს ინფორმაცია, რომ წინასწარ მოამზადეს ოპერატიული ჯგუფები ყალბი ოპერაციისთვის”, - განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ინტერვენცია მოსალოდნელია “იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე”.
Bloomberg-ის წყაროს თანახმად, რუსეთის გეგმა ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ კრემლი აშშ-სთან, ნატოსთან და ევროპის ძირითად ქვეყნებთან მოლაპარაკებით ვერ მიაღწევს მიზნებს.
რუსეთმა არაერთხელ უარყო მეზობელ ქვეყანაში შეჭრის განზრახვა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლური მედიის საუბარი, თითქოს რუსეთი პროვოკაციებს ამზადებს, უსაფუძვლოა.
“არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას ნაკისრი ვალდებულებების შესახებ, ან თუ მოსკოვი კიდევ უფრო შორს წავა და რაიმეს პროვოცირებას მოახდენს, როგორც შემდგომი დესტაბილიზაციის საბაბი”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ განიხილა მოსკოვის არაერთი შესაძლო ქმედება, მათ შორის, ეს შეიძლება მოიცავდეს გადატრიალების მცდელობას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ, ან სხვა ქმედებებს მთავრობის დესტაბილიზაციის მიზნით.
ბრალდებას წინ უძღოდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც უკრაინის მთავრობის რამდენიმე ვებ-გვერდი გაითიშა. სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვიქტორ ჟორას თქმით, დაზარალდა 70 სამთავრობო უწყება, მათ შორის საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ხედავს “გარკვეული ნიშნებს”, რომ თავდასხმის უკან რუსეთი დგას.
“მნიშვნელოვანი მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა. საიტების შინაარსზე გავლენა არ მოუხდენია. ვაგროვებთ ციფრულ მტკიცებულებებს და ვაანალიზებთ მონაცემებს ამ თავდასხმის მთელი ჯაჭვის დასადგენად”, - განაცხადა ვიქტორ ჟორამ.
ევროკავშირის ქვეყნებმა დაგმეს თავდასხმა, ხოლო პოლონეთმა და შვედეთმა თითი რუსეთისკენ გაიშვირეს.
„უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიბერშეტევის შესახებ, არის რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ტიპური საქმიანობის ნაწილი”, - განაცხადა პოლონეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელის სპიკერმა, სტანისლავ ზარინმა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ განაცხადა, რომ ევროპა “ძალიან მტკიცე უნდა იყოს რუსეთის მიმართ გზავნილებში – თუ იქნება თავდასხმა უკრაინაზე, ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, მტკიცე და გადამწყვეტი”.
უკრაინის ყირიმის რეგიონსა და საქართველოში შეჭრის დროს რუსეთს დეზინფორმაციული კამპანიების გააქტიურებასა და “ცრუ დროშის” ღონისძიებების ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ. რუსეთმა ბრალდებები უარყო.
მიმდინარე კვირაში გამართული მოლაპარაკების სამი რაუნდის შემდეგ პოზიტიური ცვლილებები არ ჩანს და მოლაპარაკებების განახლების თარიღიც უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს, ის ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რასაც სამხედრო ალიანსი ამბობს, რომ ვერ უზრუნველყოფს. გარანტიები მოიცავს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმასა და რეგიონში სამხედრო აქტივობების შეჩერებას.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ხუთშაბათს აღიარა, რომ აშშ და ევროპა შეიძლება სრულად ვერ თანხმდებოდნენ სანქციების შინაარსზე, მაგრამ თანხმდებიან, რომ უკრაინაში შეჭრას “სერიოზული ეკონომიკური შედეგები” მოჰყვება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენიფერ ჯეიკობსი, ალბერტო ნარდელი და დარინა კრასნოლუცკა