LIVE

მოლაპარაკება დასრულდა - რუსეთი კრიზისის დეესკალაციის ვალდებულებას არ იღებს

12 იან 202223:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 5336
მოლაპარაკება დასრულდა - რუსეთი კრიზისის დეესკალაციის ვალდებულებას არ იღებს
Pool photo by Olivier Hoslet

ჟენევაში ნატო-რუსეთის საბჭოს მოლაპარაკება დასრულდა. შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს მოუწოდა, გააკეთოს არჩევანი უკრაინის საზღვარზე დეესკალაციის სასარგებლოდ. თუმცა, რუსეთმა კრიზისის გამოწვევაზე პასუხისმგებლობა არ აიღო და ამტკიცებს, რომ რეგიონში  “მშვიდობის გარანტია”. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, “თუ რუსეთს სურს მიაღწიოს წარმატებას დიპლომატიური გზით - სხვა შემთხვევაში შედეგები ძალიან სერიოზული იქნება - მაშინ მან უნდა შეამციროს ესკალაცია”.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ “ეს არ იყო მარტივი დისკუსია, მაგრამ სწორედ ამიტომ იყო შეხვედრა ასე მნიშვნელოვანი”.

მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე, შეწყვიტოს ალიანსში ახალი წევრების მიღება, შეთანხმების ნიშნები არ ჩანს. სტოლტენბერგმა გაიმეორა, რომ მხოლოდ ნატოსა და კანდიდატ ქვეყნებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე და რუსეთს “ვეტოს უფლება არ აქვს”.

“წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატოს ღია კარის პოლიტიკა და უფლება, თითოეულმა ქვეყანამ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები”,- განაცხადა გენერალურმა მდივანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარის გაყვანის ვალდებულების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

“სამხედროები იქ ამ ქვეყნების მთავრობების ნებართვით არ არიან, ისინი მიუღებლები არიან. შეხვედრაზე ნატოს მოკავშირეებმა მოვუწოდეთ რუსეთს, ძალები გაიყვანოს და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ქვეყნის საზღვრის პატივისცემა ფუნდამენტური პრინციპია”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მოლაპარაკებებმა “ფუნდამენტურ საკითხებში დიდი განსხვავება” გამოავლინა და რუსეთი არ აპირებს კომპრომისს უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებით, მაგრამ მზად არის ჩაერთოს შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებში.

გრუშკოს განცხადებით, მზად არის მოლაპარაკების გაგრძელებისთვის, მაგრამ “დისკუსია უნდა იყოს საერთო საერთო მიზნის შესახებ. რუსეთის მიზანია ევროპაში უსაფრთხოების ახალი მოწყობა”, ხოლო “ნატოს ქცევა რუსეთის ფედერაციისთვის მიუღებელ რისკებს ქმნის”.

ამასთან, ალიანსმა რუსეთს დიპლომატიური მისიების აღდგენა შესთავაზა, თუმცა კრემლის პასუხი ამ ეტაპზე უცნობია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯონ ფოლენი, ნიკ ვადამსი და ლიუბოვ პრონინა