LIVE

ლირა რეკორდულად გამყარდა

21 დეკ 202113:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 1417
ლირა რეკორდულად გამყარდა
Bloomberg

ვალუტის გასაძლიერებლად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ საგანგებო ზომები გამოცხადების შემდეგ, ლირა დოლართან მიმართებით 15%-მდე გამყარდა.

სამშაბათს ადგილობრივი დროით დილის 9:15 საათისთვის 1 დოლარი 11.3165 ლირად ივაჭრებოდა. Bloomberg-ის მონაცემებით, ვალუტამ გამყარება რეკორდულად დაბალი ნიშნულიდან, დოლარზე 18.3633 ლირადან დაიწყო და 1983 წლის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური აღდგენა დააფიქსირა. ამ დროისთვის კი Bloomberg-ის პლატფორმაზე 1 დოლარი 13.5325 ლირად ივაჭრება. 

ერდოღანის მთავრობის მიერ გამოცხადებული ზომები ახალი პროგრამის დანერგვას მოიცავს, რომელიც დანაზოგებს ადგილობრივი ვალუტის რყევებისგან დაიცავს. ერდოღანის განცხადებით, მთავრობა ლირას დეპოზიტების მფლობელებისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს, თუ მისი გაუფასურება მყარ ვალუტებთან მიმართებით ბანკების მიერ დაპირებულ საპროცენტო განაკვეთებს გადააჭარბებს.

ორშაბათის აღდგენამდე თურქულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა. ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ერდოღანის ეკონომიკური მოდელის გამოცხადებას მოჰყვა, რომელიც დაბალ რეფინანსირების განაკვეთსა და იაფ ვალუტას ეყრდნობა.

ერდოღანის მოთხოვნების შესაბამისად, ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრიდან რეფინანსირების განაკვეთი 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. მონეტარული ხელისუფლება ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად მიმდინარე თვეში სავალუტო ბაზარზე ოთხჯერ ჩაერია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კაგან ჩოქი