"ევროპის ცენტრალური ბანკი" (ECB) მომდევნო სამი წლის განმავლობაში ევროს ბანკნოტების დიზაინის განახლებას გეგმავს.
ევრო, როგორც სააღრიცხვო ვალუტა 1999 წელს შემოვიდა, ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები კი 2002 წელს გამოვიდა.
„20 წლის შემდეგ, დროა გადავხედოთ ბანკნოტების დიზაინს, რათა ისინი უფრო მეტად იყოს დაკავშირებული ყველა ასაკისა და წარმომავლობის ევროპელთან",- თქვა ECB-ის პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა.
ECB-ის ფოკუს ჯგუფები ახალი ბანკნოტების შესახებ წინადადებებს ევროზონის 19 ქვეყნის საზოგადოებისგან მოისმენენ.
ევროს ბანკნოტების თავდაპირველი დიზაინი ხაზს უსვამდა ერთიანობას და გახსნილობას. აბსტრაქტული სტილი ბანკნოტის რომელიმე ქვეყანასთან ასოცირებას გამორიცხავდა. მას შემდეგ, არაერთხელ აღინიშნა, რომ ახალ ბანკნოტებს აქცენტი მრავალფეროვნებასა და ინკლუზიაზე უნდა გადაეტანათ.
მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც ევროზონის თითოეული ქვეყნის ექსპერტებისგან დაკომპლექტდება, თემების მოკლე სიას შეადგენს და წარუდგენს ECB-ის მმართველ საბჭოს, რომელიც კონკურსის გამოცხადებამდე საზოგადოების აზრს გაარკვევს.
საჯარო კონსულტაციის შემდეგ მმართველი საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას 2024 წლისთვის მიიღებს.