LIVE

ფასის რეგულირება შესაძლოა, მედიკამენტების ხარისხზე უარყოფითად აისახოს - გამყრელიძე

26 ნოე 202118:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 265
ფასის რეგულირება შესაძლოა, მედიკამენტების ხარისხზე უარყოფითად აისახოს - გამყრელიძე

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, მედიკამენტების ფასის რეგულირება შესაძლოა, ხარისხზე და უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახოს.

„როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების ფასის რეგულაციაზე შესაძლოა ქვეყანა შევიყვანოთ იმ რისკში, რომ მოხდეს ხარისხზე და უსაფრთხოებაზე კომპრომისი. ეს საკითხი დეტალურად უნდა იყოს განხილული, რათა არ მივიღოთ ხარისხიანი მედიკამენტების გაქრობა და დეფიციტი ბაზარზე. ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ ეს გააკეთა და ძალიან ცუდი შედეგი მიიღო. აზერბაიჯანზე ვსაუბრობ, რომელმაც სწრაფად და ხისტად დაარეგულირა ეს სფერო. აუცილებელია ეს გამოცდილება გავითვალისწინოთ“,- განაცხადა გამყრელიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

მისივე თქმით, მხარს დისკუსიას უჭერს და კონკურენციის სააგენტოს ზოგიერთ დასკვნასაც იზიარებს. 

„კონკურენციის სააგენტოს დასკვნა საკმაოდ კვალიფიციურია, ბევრ საკითხში ვეთანხმებით. მაგალითად, ელექტრონული რეცეპტების აღდგენა, გენერიკული მედიკამენტების პოპულარიზაცია. რაც მთავარია, ძირითად მიზანში ვეთანხმებით, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დასკვნაში არ არის საუბარი ფარმაცევტული ბიზნესის ჭარბმომგებიანობაზე. არაა საუბარი მოგების დიდ მარჟებზეც. მაგალითად, ჩვენი კომპანია 4%-8%-იან მოგების მარჟაზე მუშაობს.

რაც შეეხება ჰოლდინგური სტრუქტურების მანკიერებას, რაზეც სააგენტო მიუთითებს, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, სადაც ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს. რეგულაციას მოჰყვება ტვირთი სექტორზეც და ქვეყანაზეც. ფინანსურ ტვირთს ვგულისხმობ. უნდა განვსაზღვროთ ჰოლდინგური სტრუქტურების დაშლა მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას რამდენად შეუწყობს ხელს,- აცხადებს გამყრელიძე.

კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯები მომხმარებლების ნაკლები ინფორმირებულობითაა განპირობებული, რადგან შედარებით იაფი გენერიკული და სხვადასხვა ჩამნაცვლებელი მედიკამენტების არსებობის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია არ აქვთ. 

პრემიერი აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია და უნდა დარეგულირდეს.