LIVE

რა იწვევს მედიკამენტებზე მაღალ დანახარჯებს - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

09 ნოე 202120:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 782
რა იწვევს მედიკამენტებზე მაღალ დანახარჯებს - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში სარეცეპტო პოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზე მიუთითებს.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯები მომხმარებლების ნაკლები ინფორმირებულობითაა განპირობებული, რადგან შედარებით იაფი გენერიკული და სხვადასხვა ჩამნაცვლებელი მედიკამენტების არსებობის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია არ აქვთ. 

„მედიკამენტის არჩევისას საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად, რეცეპტი ელექტრონული უნდა იყოს და მასში ძირითად მედიკამენტთან ერთად ჩამნაცვლებელი გენერიკული მედიკამენტიც უნდა იყოს მითითებული, რაც გენერიკების წილის ზრდას და შესაბამისად, დანახარჯების კლებას შეუწყობს ხელს“,- განმარტავს ლექვინაძე.

მისივე განცხადებით, მონიტორინგის მეორე ძირითადი მიგნება ჰოლდინგურ სისტემებს უკავშირდება. კერძოდ, ერთი ჯგუფი აერთიანებს იმპორტს, კლინიკებს, დაზღვევას, დისტრიბუციას, აფთიაქებს, რაც კონკრეტულ ჰოლდინგურ ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე, რომ რეცეპტის გამოწერისას გადაწყვეტილებები არა პაციენტების, არამედ ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ.

სააგენტომ 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ თავისუფალი არჩევანისა და ბრენდირებული მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში, პაციენტი 2016-2020 წლებში დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს და ამავე დროს იდენტურ სამკურნალო ეფექტს მიიღებდა.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წლის ბოლოს გახდება ცნობილი. სწორედ აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე აპირებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიკამენტების გაზრდილი ფასის პრობლემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, მან დღეს მოისმინა შუალედური ანგარიში და განაცხადა, რომ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება.