LIVE

ღარიბაშვილი: მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია - უნდა დარეგულირდეს

12 ნოე 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 950
ღარიბაშვილი: მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია - უნდა დარეგულირდეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები ძალიან გაზრდილია და აუცილებელია, რომ სახელმწიფოს დროული რეაგირება ჰქონდეს.

“უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და ქმედება”,- განაცხადა ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი კონკურენციის სააგენტოს დაევალა. მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წლის ბოლოს გახდება ცნობილი. შუალედური ანგარიშის თანახმად, სააგენტომ 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ თავისუფალი არჩევანისა და ბრენდირებული მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში, პაციენტი 2016-2020 წლებში დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს და ამავე დროს იდენტურ სამკურნალო ეფექტს მიიღებდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, წლიურ ჭრილში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 9.2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიკამენტებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 17%-ით გაძვირდა. 22%-ით არის გაძვირებული ტკივილგამაყუჩებლები. 17%-ით მოიმატა საჭმლისმომნელებელი პრეპარატების ფასმაც. 10%-ით გაძვირდა ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ვიტამინებისა და ანტიბიოტიკების ფასი შესაბამისად 6% და 3%-ით არის გაზრდილი. 27%-ით არის გაძვირებული შპრიცი, ხოლო ბამბის ფასმა 9.5%-ით მოიმატა.