LIVE

ციმბირის შახტში უბედური შემთხვევის შედეგად 52 მაღაროელი და მაშველი დაიღუპა

26 ნოე 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1184
ციმბირის შახტში უბედური შემთხვევის შედეგად 52 მაღაროელი და მაშველი დაიღუპა

ციმბირში ქვანახშირის მაღაროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. ხანძარი ხუთშაბათს რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე კემეროვოს რეგიონში მდებარე მაღაროში გაჩნდა.

რეგიონის ოფიციალურმა პირებმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს.

11 მაღაროელი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო სამი მაშველი მოგვიანებით სამძებრო ოპერაციის დროს დაიღუპა. 38 ადამიანი დაკარგულად ითვლება და, სავარაუდოდ, დაღუპულია. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ თავდაპირველად განაცხადა, რომ მაღაროდან 239 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ინციდენტის დროს ლისტვიაჟნაიას შახტში სულ 285 ადამიანი იმყოფებოდა.

იმავდროულად, სამაშველო მისია მთლიანად უნდა შეჩერებულიყო ხანძრის შედეგად ნახშირბადის მონოქსიდის ორთქლის დონის მატების გამო, ხოლო მეთანის დაგროვება აფეთქების საშიშროებას ქმნიდა, რაც ზრდიდა მაშველებს შორის მსხვერპლის ზრდის ალბათობას.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების, Tass-ის, RIA-სა და Interfax-ის ცნობით, ამ ეტაპზე გადარჩენილი ადამიანების პოვნის შანსი არ არსებობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ რუსული მედია იტყობინება, რომ ქვანახშირის მტვრისგან გამოწვეულმა კვამლმა სწრაფად შეავსო ლიცვიაჟნაიას მაღარო სავენტილაციო სისტემის მეშვეობით.

თუმცა, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ, დიმიტრი დემეშინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარი სავარაუდოდ ნაპერწკალით გამოწვეული მეთანის აფეთქების შედეგი იყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმის წარმოება უსაფრთხოების წესების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

ვლადიმერ პუტინმა დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მთავრობას დაავალა, ყველა საჭირო დახმარება შესთავაზოს დაშავებულებს.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ქვანახშირის მაღაროში აფეთქებების სერიას 36 მაღაროელი შეეწირა, რუსეთის ხელისუფლებამ 58 ქვანახშირის მაღაროს უსაფრთხოების ხარისხი შეისწავლა და 20 მათგანი პოტენციურად სახიფათოდ გამოაცხადა. რუსეთის მაღაროებში მომხდარი უბედური შემთხვევები ხშირად უსაფრთხოების დაბალი ხარისხით, ან მოძველებული საბჭოთა აღჭურვილობით არის გამოწვეული.

2010 წლის მაისში რასპადსკაიას მაღაროში, რომელიც ასევე კემეროვოს რეგიონშია, ბოლო წლების ყველაზე სასიკვდილო უბედურ შემთხვევას 91 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა.