LIVE

მასკმა Tesla-ს აქციების გაყიდვით $9.9 მილიარდამდე შეაგროვა

24 ნოე 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1397
მასკმა Tesla-ს აქციების გაყიდვით $9.9 მილიარდამდე შეაგროვა

რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ, ილონ მასკმა Tesla-ს აქციების გაყიდვა განაახლა. მასკმა დაპირებული 10%-იანი წილის ნახევარზე მეტი უკვე გაყიდა.

მილიარდერის გაყიდვების სერიაში უკანასკნელი გაყიდვა დამატებით 934 091 აქციას შეეხო. მარეგულირებლის დოკუმენტების მიხედვით, აქციები სამშაბათს გვიან $1.05 მილიარდად გაიყიდა.

Twitter-ის გამოკითხვის შემდეგ, ელექტრომობილების კომპანიის დირექტორმა ჯამში 9.2 მილიონი აქცია გაყიდა და დაახლოებით $9.9 მილიარდი შეაგროვა. ამ თანხის ნაწილით მასკი გადასახადებს გადაიხდის.

10%-იანი ზღურბლის მისაღწევად, მასკს ჯამში დაახლოებით 17 მილიონი აქციის გაყიდვა მოუწევს, რაც კომპანიის არსებული აქციების 1.7%-ს უდრის.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 50 წლის მასკი $303.7 მილიარდიანი ქონებით მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია. მასკის ქონება მიმდინარე წელს, Tesla-ს აქციების 57%-იანი ნახტომის ფონზე, $133.9 მილიარდით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდერს მელინი