LIVE

შოთა ბურჯანაძე: თუ რეგულაციები დარჩება, "მწვანე პასპორტების" არსებობას აზრი არ ექნება

22 ნოე 202119:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 788
შოთა ბურჯანაძე: თუ რეგულაციები დარჩება, "მწვანე პასპორტების" არსებობას აზრი არ ექნება

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ რეგულაციების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, ე.წ. "მწვანე პასპორტების" ამოქმედება აზრს მოკლებულია.

სარესტორნო ბიზნესი არსებული რეგულაციების მოხსნას, კერძოდ შეზღუდული სამუშაო საათების გახანგრძლივებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძო სექტორის ნაწილი ე.წ. "მწვანე პასპორტის" კონცეფციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს.

"მწვანე ზონა უნდა ემსახურებოდეს უსაფრთხოებასა და ვაქცინაციის ტემპის ზრდას. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, წარმოდგენილი კონცეფცია ვერცერთ მოთხოვნას ვერ პასუხობს. უმნიშვნელოვანესია, შეიცვალოს ეს მიდგომა და covid რეგულაციები შეზღუდვებთან ერთად მოიხსნას. თუ რეგულაცია ძალაში დარჩება, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს კოვიდ პასპორტის მოთხოვნას?",-აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

მსგავსი პოზიცია აქვთ სასტუმროების წარმომადგენლებსაც. ბიზნესს სასტუმროებში ღონისძიებების გამართვის უფლება და სპა ცენტრებში დასაშვები ადამიანების რაოდენობის ზრდა სურს. 

"გაუგებარია, რა პლუსი ექნება "მწვანე პასპორტებს", თუ ისევ შეზღუდულები ვიქნებით ყველაფერში. საკოორდინაციო ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც ეკონომიკაში ასე თუ ისე ერკვევიან და იციან, რომ აუცილებელია სხვანაირი მიდგომები, თუმცა არიან ეპიდემიოლოგები, რომლებსაც ნაკლებად აინტერესებთ შეზღუდვების ეკონომიკური ეფექტი, რაც ცუდია",- აცხადებს INN GROUP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბრიდან ე.წ "მწვანე პასპორტების" გარეშე შესვლა იკრძალება კაფეებში, რესტორნებში, ღია და დახურულ სივრცეებში, ასევე კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებში, სპა-ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

მწვანე სტატუსის პირად კი ჩაითვლება პირი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი. ან გადატანილი აქვს კორონა ვირუსი.