LIVE

აშშ ევროპელ პარტნიორებს უკრაინასთან მობილიზებული ჯარის შესახებ მონაცემებს უზიარებს

22 ნოე 202114:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 1058
აშშ ევროპელ პარტნიორებს უკრაინასთან მობილიზებული ჯარის შესახებ მონაცემებს უზიარებს
Maxar/Getty Images
რუსული ტანკები და აღჭურვილობა პოგონოვოს საწვრთნელ ზონაში, 10 აპრილი

შეერთებულმა შტატებმა ევროპელ მოკავშირეებს გაუზიარა დაზვერვის მონაცემები, მათ შორის რუკები, რომლებშიც ნაჩვენებია თუ როგორ ემზადება რუსული ჯარი და არტილერია უკრაინაზე მრავალი ადგილიდან სწრაფი, ფართომასშტაბიანი დარტყმისთვის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.  

მონაცემები ნატოს ზოგიერთ წევრს გასული კვირის განმავლობაში მიეწოდა, რათა მათაც გაიზიარონ აშშ-ის შეშფოთება პუტინის შესაძლო ზრახვებზე და გამოიჩინონ დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთის ნებისმიერი შეჭრისგან თავის ასაცილებლად, რამდენადაც ევროპელ ლიდერებს რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი ურთიერთობა აქვთ.

სავარაუდო სცენარით, უკრაინაში ყირიმიდან, ბელორუსის გავლით, შესაძლოა, შევიდეს დაახლოებით 100 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, რაც პოტენციურად დაახლოებით 100,000 ჯარისკაცს გულისხმობს.

Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, ტაქტიკური ჯგუფების დაახლოებით ნახევარი უკვე პოზიციებზე იყო და ნებისმიერი შეჭრას ექნებოდა საჰაერო მხარდაჭერა.

წყაროს ინფორმაციით, მოსკოვმა ასევე გამოიძახა ათიათასობით რეზერვისტი, რაც პოსტსაბჭოთა დროში უპრეცედენტოდ დიდი რიცხვია. რუსეთს რეზერვისტების მობილიზების შესახებ საჯაროს არ განუცხადებია.

ერთ-ერთი ანონიმური წყაროს თქმით, შეერთებული შტატების გავრცელებულ  ინფორმაციაში საუბარია, რომ მოსკოვმა უკრაინის შიგნით დესტაბილიზაციის დასათესად აგენტები დაიქირავა.

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს.

ამერიკა და მისი მოკავშირეები არ ამტკიცებენ, რომ ომი აუცილებლად მოსალოდნელია, ან იმას, რომ პუტინი საკითხს სერიოზულად განიხილავს. 

”მე ვერ ვისაუბრებ რუსეთის განზრახვებზე”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მიმდინარე თვეში. 

მისივე თქმით, ბაიდენმა დაამტკიცა, რომ აშშ მზადაა, გამოიყენოს მთელი რიგი ინსტრუმენტები რუსეთის მავნე ქმედებების თავიდან ასაცილებლად და ეს ასე გაგრძელდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი და ჯენიფერ ჯეიკობსი