LIVE

ლტოლვილთა უფლებები შესაძლოა, დანიაში იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს

14 იან 202117:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 446
ლტოლვილთა უფლებები შესაძლოა, დანიაში იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს
John Thys/AFP/Getty Images

ინგერ სტოიბერგი, დანიის იმიგრაციის ყოფილი მინისტრი, 30 წლის მანძილზე პირველი პოლიტიკოსია, რომელსაც იმპიჩმენტი ემუქრება. ქალს, რომელიც ევროკავშირის უმკაცრესი საემიგრაციო კანონების ავტორია, ლტოლვილების ახალგაზრდა წყვილი უკანონო განცალკევების გამო, ედავება. 

საქმე ეხება სტოიბერგის 2016 წლის ინსტრუქციას, რომლის მიხედვითაც, თუ გოგონა 18 წელს მიღწეული არ არის, ასეთ შემთხვევაში, ლტოლვილი წყვილი განცალკევდება. ბრძანება არ ითვალისწინებს ინდივიდუალური შეფასების ჩატარების მოთხოვნას. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა სირიელმა წყვილმა დადგენილება გაასაჩივრა, პარლამენტის ომბუდსმენმა ის უკანონოდ ცნო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტოიბერგმა მოატყუა პალატა, როდესაც მან თავისი გადაწყვეტილება ახსნა. 

სტოიბერგი ამტკიცებს, რომ წყვილების დაშორების შესახებ მისი გადაწყვეტილება ემყარებოდა სურვილს, რომ დაეცვა გოგონები დაქორწინებისგან, სანამ ისინი სრულწლოვნების ასაკს მიაღწევდნენ. საერთო ჯამში, მისი ბრძანების შედეგად 23 წყვილი განცალკევდა. წყვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 1-დან 16 წლამდე მერყეობს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ უკანონო გადაწყვეტილებაში ერთადერთი დამნაშავე სტოიბერგია.  

საქმე იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მის შესახებ სხვადასხვა პარტიებს საერთო შეხედულება აქვთ, მათ შორის სტოინბერგის პარტიაცაა. 

”ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩემმა თავჯდომარემ პარლამენტის წევრები ჩემ წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად მოიწვია. ეს ყველაზე დიდი უნდობლობაა, რომელიც ჩემი საკუთარი თავმჯდომარისგან შეიძლებოდა მიმეღო,” აცხადებს სტოიბერგი.

იმპიჩმენტის საკითხს დანიაში პარლამენტი ან მონარქი განიხილავს. სტოინბერგის შემთხვევაზე პარლამენტი კენჭისყრას გეგმავს, რაც დიდწილად ფორმალურია. ამის შემდეგ, საქმე დანიის სასამართლოს გადაეცემა.

ბოლო პოლიტიკოსი, რომელსაც დანიაში იმპიჩმენტი შეეხო,  ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ერიკ ნინ-ჰანსენი იყო. 1995 წელს ის დამნაშავედ ცნეს და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაშინ სკანდალი მთავრობის დამხობით დასრულდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მორტენ ბატლერი