LIVE

Facebook-ზე ყოველი 10,000 პოსტიდან 14-15 ბულინგის ან შევიწროების შემცველია - ანგარიში

11 ნოე 202110:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 629
Facebook-ზე ყოველი 10,000 პოსტიდან 14-15 ბულინგის ან შევიწროების შემცველია - ანგარიში

Facebook-მა ქსელში ბულინგის, სიძულვილის ენისა და შევიწროების შესახებ პირველი ანგარიში გამოაქვეყნაკომპანიამ ამ მიმართულებით მაჩვენებლები პირველად გაასაჯაროვა.

კომპანიის ცნობით, Facebook-ზე ბულინგის შინაარსის გავრცელება 0,14%-0,15%-ს შორის მერყეობს, ხოლო Instagram-ზე 0,05%-0,06%-ს შორის. ეს ნიშნავს, რომ Facebook-ზე ყოველი 10,000 პოსტიდან 14-15 ბულინგის ან შევიწროების შემცველია, Instagram-ზე კი 10,000-ზე 5-6 ასეთი პოსტი მოდის.

მე-3 კვარტლის ანგარიშის მიხედვით, Facebook-მა ქსელიდან ბულინგისა და შევიწროების წესების დარღვევის გამო, 9,2 მილიონი პოსტი წაშალა. მათ შორის 59,4% პროაქტიულად აღმოაჩინა.

„ბულინგი და შევიწროება უნიკალური გამოწვევა და ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასაწყვეტი საკითხია, რადგან კონტექსტი კრიტიკულია“,- ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

ანგარიში ქვეყნდება იმ ფონზე, როცა სოციალური მედიის გიგანტი ყურადღების ცენტრში ყოფილი თანამშრომლის მხილების შემდეგ მოექცა. 37 წლის ფრენსის ჰაუგენმა სენატის წინაშე ჩვენება მისცა და აღნიშნა, რომ Facebook-მა კარგად იცის სოციალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკები, რაც მის პლატფორმებს ახლავს და სურს კანონმდებლებმა იფიქრონ, რომ ამ პრობლემების მოგვარება ძალიან რთულია. გამოქვეყნებული დოკუმენტები მოიცავს კვლევას  Instagram-ის გავლენის შესახებ მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 

Facebook-ი ეჭვქვეშ აყენებს ამ დახასიათებას და აღნიშნავს, რომ დოკუმენტები "არასწორი სურათის" დასახატავად გამოიყენებოდა. 

დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, Facebook-ს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ.