საქართველოს რაგბის კავშირსა და აუდიტორიულ კომპანია „იუაის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ერთწლიანი მემორანდუმი გაფორმდა. შედეგად, „იუაი“ რაგბის კავშირის ინტელექტუალური მხარდამჭერი ხდება. კომპანია შემდგომი ერთი წლის განმავლობაში რაგბის კავშირს ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და საერთაშორისო ფინანსური სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება.
„ქართული რაგბის ისტორიაში დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. "იუაი" გახდა საქართველოს რაგბის კავშირის ინტელექტუალური პარტნიორი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება პროდუქტიული როგორც რაგბის კავშირისთვის, ასევე თითოეული გულშემატკივრისთვის, რადგან გაიზრდება როგორც მართვის, ასევე ჩვენს მიერ დაპირებული ტრანსფარენტულობის ხარისხი“,- აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ალავიძე.
მხარეები იმედოვნებენ, რომ თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება და სამომავლოდ ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.