
მას, შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook კომპანიის რებრენდინგს გეგმავს, ონლაინ პლატფორმებზე ქსელის ახალი სახელის სხვადასხვა ვარიანტი განიხილება.
თავად კომპანია გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა ეს "ტვიტერატს" (Twitter-ის აქტიურ მომხმარებლებს) დებატის გაგრძელებაში ხელს არ უშლის.
ახალი სახელის ვარიანტებს შორის, ყველაზე სარწმუნოდ "მეტა" მიიჩნევა, რაც Facebook-ის ახალ ინიციატივას უკავშირდება. კომპანიის განმარტებით, "მეტავერსი" არის იდეა, რომ მომხმარებლები ცხოვრებენ, მუშაობენ და ვარჯიშობენ ვირტუალურ სამყაროში. კომპანიის Oculus ვირტუალური რეალობის ყურსასმენები და სერვისი ამ ხედვის რეალიზაციის ინსტრუმენტული ნაწილია. იდეის სრულად განხორციელებას 10-15 წელი დასჭირდება.
ახალი სახელის ვერსიებს შორისაა Bookface, Facegram, Facetagram, FreeFace, FreeTalk, World Changer.
ყველაზე უცნაურ ვერსიებს შორისაა "იე". რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა რეპერმა, კანიე უესტმა სახელი ოფიციალურად შეიცვალა და იე (YE) დაირქვა.
"ძალიან მაგარი იქნება, თუ Facebook შეიცვლის სახელს და Ye გახდება”,- წერს Twitter-ის მომხმარებელი დეივ პელი.
მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ პლატფორმას Fakebook ან Tracebook უნდა ერქვას, რითაც ისინი Facebook-ის გარშემო აგორებულ ბოლოდროინდელ სკანდალს ეხმაურებიან.
ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო რებრენდინგით მარკ ცუკერბერგი ცდილობს ახალგაზრდების ყურადღება მიიპყროს. პლატფორმა ბევრმა თინეიჯერმა დატოვა და სანაცვლოდ, Instagram-ის, Snapchat-ის და TikTok-ის გამოყენება დაიწყო.
"თინეიჯერული უდაბნო",- ამბობენ Facebook-ზე.
Facebook-ის ორიგინალური აპლიკაციის ბრენდირება შეიძლება არ შეიცვალოს, რადგან მისი პორტფოლიო მოიცავს სხვა ბრენდებს მილიარდი მომხმარებლით, როგორიცაა Instagram და WhatsApp. ამის შესახებ მეტი ცნობილი, სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს დაგეგმილ კონფერენციაზე გახდება.