LIVE

რა თქვა Facebook-ის მამხილებელმა სენატში მიცემულ ჩვენებაში - ყველა ბრალდება

06 ოქტ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1045
რა თქვა Facebook-ის მამხილებელმა სენატში მიცემულ ჩვენებაში - ყველა ბრალდება
Stefani Reynolds/Bloomberg

Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა სენატის წინაშე ჩვენება მისცა და სოციალური მედიის გიგანტი ამხილა. მამხილებლის თანახმად, Facebook-მა კარგად იცის სოციალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკები, რაც მის პლატფორმებს ახლავს და სურს კანონმდებლებმა იფიქრონ, რომ ამ პრობლემების მოგვარება ძალიან რთულია.

37 წლის ფრენსის ჰაუგენმა, Facebook-ის პროდუქციის ყოფილმა მენეჯერმა, სენატის წინაშე ისაუბრა კვლევაზე, რომლის თანახმად, კომპანიამ პრიორიტეტი მიანიჭა მოგებას, გააძლიერა განხეთქილება, შეარყია დემოკრატია და დააზიანა ახალგაზრდა მომხმარებლების ფსიქიკური ჯანმრთელობა. 

“დავინახე, რომ Facebook არაერთხელ წააწყდა კონფლიქტს საკუთარ მოგებასა და ჩვენს უსაფრთხოებას შორის. Facebook თანმიმდევრულად წყვეტდა კონფლიქტებს საკუთარი მოგების სასარგებლოდ. შედეგი იყო მეტი დანაწევრება, მეტი ზიანი, მეტი ტყუილი, მეტი მუქარა და მეტი დაპირისპირება”,- განაცხადა ჰაუგენმა. 

ჰაუგენი მიიჩნევს, რომ Facebook საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. მან მოუწოდა კონგრესს, გასცდეს არსებულ “მარეგულირებელ ჩარჩოს” და ფოკუსირდეს სოციალური მედიის პლატფორმების მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ დისკურსზე.

სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა, ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, Facebook-ს “მორალურად გაკოტრებული” უწოდა და თქვა, რომ პლატფორმების ზემოქმედება მომავალ თაობებს “დაატყდება თავს”. 

“Facebook-მა იცის, რომ მისი პროდუქცია შეიძლება იყოს დამოკიდებულების გამომწვევი და ტოქსიკური ბავშვებისთვის. ისინი უფრო მეტად ზრუნავენ მოგებაზე, ვიდრე იმ ტკივილზე, რაც მათ მიაყენეს ბავშვებსა და ოჯახებს”,- თქვა ბლუმენტალმა. 

ბრალდებების საპასუხოდ, Facebook ხაზს უსვამს უსაფრთხოებაში ჩადებულ ინვესტიციას, როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ კომპანია ზრუნავს დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაზე. კომპანიამ აღნიშნავს, რომ ჰყავს 40,000 თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოებაზე და 2016 წლიდან $13 მილიარდზე მეტი დახარჯა უსაფრთხოების მიზნით.

კომპანიის მტკიცებით, ჰაუგენი არასოდეს ესწრებოდა მთავარ მენეჯმენტთან გადაწყვეტილების მიღების პროცესს და არ მუშაობდა იმ საკითხებზე, რაზეც მათ საუბარი სთხოვეს. 

არსებობს რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ჰაუგენის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში გამოვლენილ ზიანს შეეხება. კანონმდებლები განიხილავენ კანონპროექტებს სოციალური მედიის ალგორითმების გამჭვირვალობის გასაზრდელად, ონლაინ პლატფორმებზე პასუხისმგებლობის დაცვის შესაცვლელად, კონფიდენციალურობის დაცვის გასაძლიერებლად.

ჰაუგენმა არაერთხელ გაიმეორა, რომ “ჩართულობაზე დაფუძნებული რანჟირების” გამო ზოგიერთი ყველაზე მავნე პოსტი უფრო მეტ ადამიანამდე აღწევს. მისი თქმით, კონგრესმა უნდა გაამახვილოს ყურადღება კანონმდებლობაზე, რათა კომპანიებმა პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, თუ როგორ ვრცელდება ინფორმაცია ალგორითმის სისტემებით.

ბევრი სენატორის შეკითხვა ფოკუსირებული იყო Facebook-ის პლატფორმების გავლენაზე ახალგაზრდებზე, მათ შორის კომპანიის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაზე, რომ შეაჩერებდა მუშაობას ბავშვებისთვის განკუთვნილ Instagram-ის პროდუქტზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ჰაუგენის კომპეტენცია, მან თქვა, რომ კონგრესთან გაზიარებულმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ Facebook-მა გამოავლინა ახალგაზრდობა, როგორც აუცილებელი ზრდის შესაძლებლობა, რადგან ჩართულობა ნაკლებია ამ დემოგრაფიულს ჯგუფში და გაუკვირდება, თუ კომპანია საერთოდ უარს იტყვის Instagram Kids-ზე.

“ჩემი გზავნილი მარკ ცუკერბერგისთვის: თქვენი დრო კონფიდენციალურობაში შეჭრის, ტოქსიკური შინაარსის პოპულარიზაციისა და ბავშვებისა და მოზარდების მტაცებლობისთვის დასრულდა. კონგრესი მიიღებს ზომებს. თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან ერთად იმუშაოთ ან არ იმუშაოთ, მაგრამ ჩვენ აღარ დავუშვებთ, თქვენმა კომპანიამ ზიანი მიაყენოს ჩვენს შვილებს, ოჯახებს და დემოკრატიულ ქვეყნებს”, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ედ მარკმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანა ედგერტონი და რებეკა კერნი