Gcap-ი "გეფას" 100%-ის მფლობელი ხდება

20 ოქტ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 165
Gcap-ი "გეფას" 100%-ის მფლობელი ხდება

"საქართველოს კაპიტალი" (Gcap) "გეფას" 100%-იანი წილის მფლობელი ხდება. Gcap-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მის მფლობელობაში არსებულმა "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" (GHG), რომელიც სააფთიაქო და სამედიცინო დაზღვევის ბიზნესის ჰოლდინგს წარმოადგენს, ხელი მოაწერა Georgian Pharmacy-ის (GEPHA) 33%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას. 

2016 და 2017 წლებში წილების განაწილების შემდეგ, GHG კომბინირებულ საცალო სააფთიაქო ბიზნესში 67%-იან წილს ფლობდა. დარჩენილი 33%-ის მეწილეებს, ენრიკო ბერიძესა და მიხეილ აბრამიძეს, რომლებიც ასევე არიან საცალო ბიზნესის მმართველი პარტნიორები, 2023 წლიდან 12 თვის განმავლობაში წილების შეთავაზების უფლება ჰქონდათ. 

"მოხარულები ვართ, რომ მცირე წილის მფლობელები, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნესის ზრდასა და წარმატებაში და რომელთა გამოცდილებაც ამ სფეროში ძალიან დიდია, დარჩებიან ჩვენთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მოუთმენლად ველით მენეჯმენტის გუნდთან მუშაობას, რათა საცალო ბიზნესი ახალ ეტაპზე გადავიდეს",- ამბობს "საქართველოს კაპიტალის" თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური. 

თითოეული ტრანშის ღირებულება განისაზღვრება შესრულების მომენტისათვის წინა თორმეტი თვის ფინანსური შედეგების საფუძველზე და გადაიხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. ტრანსაქციები შემდეგი გრაფიკით განხორციელდება: 2022 წელს აქციების 10%-ის, 2023 წელს 11%-ის, 2027 წელს კი აქციების 10.5%-ის, სხვა წლებში კი 0.5%-ის შესყიდვა იგეგმება.

ცნობისთვის, "გეფა" "ჯი-პი-სის" და "ფარმადეპოს" ქსელებს აერთიანებს.