LIVE

რა არის Evergrande და რატომ შეიძლება იქცეს ის პრობლემად მთელი მსოფლიოსთვის

21 სექ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1319
რა არის Evergrande და რატომ შეიძლება იქცეს ის პრობლემად მთელი მსოფლიოსთვის
Bloomberg

ჩინური უძრავი ქონების დეველოპერმა Evergrande Group-მა ორშაბათს სესხის პროცენტის გადახდა მინიმუმ ორი უმსხვილესი კრედიტორი ბანკისთვის ვერ შეძლო. ქვეყნის უმსხვილესი დეველოპერი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ჩინური ბაზრისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი დავალიანების რესტრუქტურიზაციას. 

კომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ Evergrande Real Estate-ს 1300-ზე მეტი პროექტი აქვს 280-ზე მეტ ქალაქში. თუმცა, უძრავი ქონების დეველოპერი ასევე ფლობს 200-ზე მეტ ოფშორულ და თითქმის 2,000-მდე ადგილობრივ შვილობილ კომპანიას. კომპანიის ანგარიშზე დაახლოებით 2 ტრილიონი იუანის აქტივებია, რაც ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს უტოლდება.

$300 მილიარდიანი დავალიანების მქონე დეველოპერის მხრიდან ვალდებულების ვერ შესრულების რისკმა გლობალური ბაზრებიც შეარყია. მხოლოდ მიმდინარე კვირაში Evergrande-ს $84-მილიონიანი ვალის გასტუმრება უწევს, რისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია. ინვესტორები შფოთავენ, თუ რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას ფინანსურ ბაზრებზე.

Evergrande-ის პრობლემები რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველ რიგში, მისგან ბევრმა ადამიანმა შეისყიდა ქონება ისე, რომ სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ იყო დაწყებული. ამ ადამიანებს გადახდილი აქვთ დეპოზიტები და თუ კომპანია გაკოტრდება, ისინი თანხებს დაკარგავენ. 

გარდა ამისა, კომპანიებმა, რომლებიც Evergrande-თან თანამშრომლობენ, მათ შორის სამშენებლო და საპროექტო ფირმები, თუ მასალების მიმწოდებლები, შესაძლოა, მნიშვნელოვანი თანხები დაკარგონ და გაკოტრდნენ. 

მესამე საფრთხედ სახელდება Evergrande-ს გაკოტრების პოტენციური გავლენა ჩინეთის ფინანსურ სისტემაზე. როგორც ცნობილია, Evergrande-ს 171 ადგილობრივი ბანკის და 121 საფინანსო ფირმის ვალი აქვს. თუ კომპანია ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, ბანკები და სხვა კრედიტორები სავარაუდოდ იძულებულები გახდებიან, შეამცირონ სესხების გაცემა, რაც პოტენციური საკრედიტო კრიზისის რიკს ქმნის.

უძრავი ქონების გიგანტის ფულადი კრიზისი გახდა მთავარი სალაპარაკო თემა გლობალური ინვესტორებისთვისაც. სარისკო აქტივების ფასი ორშაბათს მთელს მსოფლიოში იმ შიშის გამო დაეცა, რომ Evergrande-ის კოლაფსი შესაძლოა, ინფექციურად გავრცელდეს და მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომკის ზრდა შეაფერხოს.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დამკვირვებლის პროგნოზით, ოფიციალური პეკინი ვალით დატვირთული უძრავი ქონების გიგანტის კრიზისიდან დასახსნელად ზომებს მიიღებს, საკითხთან დაკავშირებით მთავრობის დუმილი ინვესტორების შეშფოთებას იწვევს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დევიდ სკანლანი და ქეისი ჩანი