LIVE

მსოფლიო ვალმა რეკორდულ $296 ტრილიონს მიაღწია

14 სექ 202121:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 887
მსოფლიო ვალმა რეკორდულ $296 ტრილიონს მიაღწია

საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის (Institute of International Finance) ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ვალის ოდენობა სამი თვის განმავლობაში დაახლოებით $4.8 ტრილიონით გაიზარდა და რეკორდულ $296 ტრილიონს მიაღწია.

ვალის ზრდა შინამეურნეობებმა გამოიწვიეს, რომლებმაც წლის პირველ ნახევარში დაბალი საპროცენტო განაკვეთების გამოყენების მიზნით, $1.5 ტრილიონის ვალი აიღეს. ამავდროულად, ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში გაიზარდა სამთავრობო ($1,3 ტრილიონით) და კორპორატიული ($1,2 ტრილიონით) დავალიანებაც.

თუმცა, გლობალური ეკონომიკის ზომასთან შედარებით, დავალიანების ოდენობა პირველად შემცირდა პანდემიის დაწყების შემდეგ, რადგან ეკონომიკური ზრდა აღდგა. მთლიანი ვალი მსოფლიოს წლიური ეკონომიკური წარმოების დაახლოებით 353%-ს შეადგენს, რაც 9 პროცენტული პუნქტით შემცირებაა 2021 წლის პირველი სამი თვის პიკიდან.

ამასთან, რეკორდულ მაჩვენებელს, $36 ტრილიონს მიაღწია განვითარებადი ბაზრების ვალმა ჩინეთის გამოკლებით, რაც ბრაზილიის, კორეისა და რუსეთის მთავრობის სესხებით არის განპირობებული.

რაც შეეხება საქართველოს, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ფინანსური ვალდებულებები ჯამში 3.5 მილიარდი ლარით გაიზარდა. წლის ბოლოს საქართველოს 32.2 მილიარდ ლარზე მეტი ვალი ექნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ "თავი შეიკავა" ევროკავშირის €75-მილიონიანი დახმარების მიღებისგან, რის საპასუხოდაც ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარია ელენა ვიზკაინო