LIVE

ევროკავშირი: საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა

31 აგვ 202120:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1598
ევროკავშირი: საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა

"პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი", ასე ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ჯულიენ კრამპი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" EU-ს €75-მილიონიანი დახმარების მიღებისგან. 

"ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო. 150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა."

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის; შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული თანაბარი პირობები კანდიდატისთვის. ასევე, არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას.

მაკროფინანსური დახმარების მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობები ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე", ნათქვამია განცხადებაში. 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".