LIVE

Twitter-მა ტრამპი სამუდამოდ დაბლოკა

09 იან 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
Twitter-მა ტრამპი სამუდამოდ დაბლოკა
Bloomberg L.P.

Twitter-მა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა. სოციალურმა ქსელმა ეს გადაწყვეტილება, ტრამპის მიერ ძალადობის წახალისების გამო, მიიღო.

"@realDonaldTrump ანგარიშზე გამოქვეყნებული ტვიტების და მის გარშემო არსებული კონტექსტის დეტალური განხილვის შემდეგ, ჩვენ სამუდამოდ ვაჩერებთ ანგარიშს ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო," წერს Twitter. 

კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის შემდეგ Facebook-მა და Twitter-მა პრეზიდენტის ანგარიშები დროებით დაბლოკეს. Twitter-ის ანგარიშის აღდგენის შემდეგ, ტრამპმა რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ჩანაწერში ის წერდა, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრებოდა. კიდევ ერთ ტვიტში აღნიშნავდა, რომ მას 75,000,000 ამერიკელის მხარდაჭერა აქვს. "AMERICA FIRST," "MAKE AMERICA GREAT AGAIN", წერს პრეზიდენტი. 

Twitter-მა მიიჩნია, რომ, კონტექსტის გათვალისწინებით, პრეზიდენტი სოციალური ქსელის პოლიტიკას კვლავ არღვევდა, რაც საბოლოოდ ანგარიშის სამუდამო შეჩერების მიზეზი გახდა.  

@realDonaldTrump ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, ტრამპი ფაქტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანგარიშიდან @POTUS გამოეხმაურა და Twitter დემოკრატებთან კოორდინირებულ მოქმედებასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაანაშაულა. 

@POTUS-ის ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებით, კომპანიამ განაცხადა, რომ თუ ტრამპი საკუთარის ნაცვლად მას გამოიყენებს, ანგარიშს ბაიდენისთვის გადაცემამდე შეზღუდავენ. 

კაპიტოლიუმში შეჭრამდე ტრამპი, მხარდამჭერების მობილიზების და ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სოციალურ მედიას აქტიურად იყენებდა. ამის გამო, Twitter და Facebook პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა გააკრიტიკეს და მათგან პრეზიდენტის ანგარიშების წაშლა მოითხოვეს

სანაცვლოდ, ტრამპის მხარდამჭერები Twitter-ს Parler-ზე გადასვლით დაემუქრნენ.

გაფართოებულ ვაჭრობაში Twitter-ის აქციები 3,8% -ით დაეცა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარტ ვეგნერი