LIVE

როდის დაიწყებს “ორბი” ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას?

30 ივლ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1742
როდის დაიწყებს “ორბი” ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას?

“ორბი ჯგუფმა” სახელმწიფოსგან ბახმაროში მიწა 1 ლარად, კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით, 2019 წელს იყიდა. “ბიზნეს ფორმულა” დაინტერესდა, რა ეტაპზეა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბახმაროში უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის ანონსდებოდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, “ორბი ჯგუფი” ბახმაროში საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას 2022 წლის აპრილიდან დაიწყებს. 

სააგენტოს თანახმად, ამ დროისთვის კომპანიას დაწყებული აქვს ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება.

კერძოდ, კომპანიამ 2019 წლიდან დღემდე შემდეგი სამუშაოები შეასრულა:

  • მთლიანი ტერიტორიის ტოპო და გეოდეზიური შესწავლა;
  • დაასრულა სრული ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა და მომზადდა გეოლოგიური დასკვნა;
  • შესწავლილი იქნა ტერიტორია ზვავსაშიშროების კუთხით და მომზადდა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა;
  • საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის მიერ მიზნობრივ ქვეყნებში ჩატარდა კვლევა კურორტ ბახმაროთი დაინტერესების პოტენციალისა და სამომავლოდ ტურისტების სავარაუდო ოდენობის შესახებ;
  • მომზადდა კვლევა მსოფლიოში მსგავს სამთო კურორტებზე არსებული აქტივობებით დაინტერესების შესახებ და ამის მიხედვით შედგა რეკომენდაციები ბახმაროს, როგორც კურორტის სამომავლო განვითარებაზე;
  • დაწყებულია ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება, გეგმის პირველი ნაწილი მომზადებულია და განხილვის პროცესშია.

“განაშენიანების დეტალური გეგმის პარალელურად მიმდინარეობს შიდა კონკურსი საუკეთესო არქიტექტურული ესკიზისა და პროექტის შესარჩევად, სადაც მონაწილეობას სამთო კურორტების დაპროექტებაში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე  მსოფლიოს წამყვანი 5 არქიტექტურულ და დიზაინერულ კომპანია ღებულობს, რომლებმაც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ პროექტის ესკიზური ვარიანტები.

მომავალი წლის აპრილის თვიდან აქტიურად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და კომპანიის განცხადებით დასრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში”,- აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

საკითხთან დაკავშირებით დავუკავშირდით “ორბი ჯგუფსაც”, თუმცა კომპანიაში კომენტარი არ გააკეთეს. 

შეგახსენებთ, 2019 წლის 15 მაისს შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ სახელმწიფოსგან 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 7 123 400 ლარს შეადგენს. კომპანია ვალდებულია 5 წლის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს, რომელიც არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმროს, კომერციული დანიშნულების ფართებს, სპორტულ მოედნებსა და სხვა ნაგებობებს მოიცავს. ამას გარდა, მთავრობამ კომპანიას აუკრძალა გადაცემულ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებლის მშენებლობა 10 წლის ვადით. ინვესტორი ასევე ვალდებულია, ბახმაროში გადაცემულ ტერიტორიაზე არანაკლებ 50 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს 5 წლის ვადაში.