LIVE

Ant, Yukos და გაფრთხილება მეამბოხე მილიარდერებს

05 იან 202100:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 442
Ant, Yukos და გაფრთხილება მეამბოხე მილიარდერებს
Andrey Rudakov/Bloomberg

2003 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოსკოვში მოვლენები ამგვარად განვითარდებოდა. მხოლოდ რამდენიმე თვე აღმოჩნდა საკმარისი, იმისთვის, რომ მიხაილ ხადარკოვსკის ნავთობის იმპერია ალყაში მოექციათ და ჩამოენგრიათ. საბოლოოდ, ხადარკოვსკის გისოსებს მიღმა 10 წლის გატარება მოუხდა. მიუხედავად იმისა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. მისი კომპანიის უდიდესი წილი კი რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა Rosneft-მა წაიღო. 

ხადარკოვსკის Yukos Oil-ის თითქმის 20 წლის წინანდელი ისტორიის Alibaba Group Holding-სა და მასთან აფილირებული Ant Group-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან შედარება ერთი შეხედვით, შესაძლოა, უჩვეულო ჩანდეს. გარკვეულწილად ასეც არის, რადგან Alibaba-ს დამფუძნებელს არ უსარგებლია პრივატიზაციის ქაოტური და ხშირად ბინძური პროცესით, ის არც 90-იანი წლების რუსი ოლიგარქების პოლიტიკურ მაქინაციებში ჩართულა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიხაილ ხადარკოვსკისა და ჯეკ მას კომპანიების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შორის ბევრი მსგავსებაა.   

ხადარკოვსკის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ვლადიმერ პუტინს საჯაროდ დაუპირისპირდა და ის კორუფციაში ამხილა. იგივე მოხდა ჯეკ მას შემთხვევაშიც. ფინანსური საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმზე მან ჩინეთის ფინანსური სისტემის პრობლემებზე ღიად ისაუბრა, რამაც მისი კომპანიის რეკორდულად მაღალი IPO შეაფერხა. ორივე შემთხვევაში, სახეზეა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის მიმართ მკაფიო გაფრთხილება.

Yukos რუსეთისთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა. მისი ისტორიით დასრულდა შედარებით თავისუფალი პერიოდი და დაიწყო დიდი კონტროლის ეპოქა. ინვესტორებისთვის ნათელი გახდა, რომ სახელმწიფოს ხელში უჭირავს გავლენის მექანიზმები და საჭიროებისამებრ შეუძლია მათი გამოყენება. ამას მოჰყვა გაურკვევლობა და შიში, რამაც მეწარმეებზე, ინოვაციებსა და  უცხოურ ინვესტიციებზე საკუთარი კვალი დატოვა.

ეს გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვმსჯელობთ თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ჩინეთში უახლოესი კვირების განმავლობაში, როცა ჯერაც არ ვიცით, რატომ და სად გაქრა საჯარო სივრციდან ჯეკ მა. ჩინეთის შემთხვევაში, მოვლენები შესაძლოა არ დასრულდეს Yukos-ის მსგავსი განადგურებით, მაგრამ ცალსახად ღიაა საკითხი - გააძლიერებს თუ არა ჩინეთი ბიზნესზე ზეწოლას, რისი პირველი მაგალითი ჯეკ მას იმპერია გახდება.

დაბოლოს, ჯეკ მას ფრთების და თავისუფლების შეკვეცა სავარაუდოდ შეუძლებელი იქნება ინოვაციების შეფერხების გარეშე, როგორც ეს რუსეთში მოხდა. ეს კი იმ ფონზე, როცა დაკრედიტებაზე მოთხოვნა მაღლია. ჯეკ მას გადამრჩენელი ხიბლი კი შესაძლოა სწორედ იმაში იყოს, რომ ის უბრალოდ პრობლემა კი არა, არამედ პრობლემიდან გამოსავალის შემადგენელი ნაწილი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლარა ფერეირა მარკესი