
რუსეთის პრეზიდენტი ჟენევაში ამერიკელ კოლეგასთან შესახვედრად განსახილველი თემების გრძელი სიით ჩადის.
ოფიციალური დღის წესრიგით, პრეზიდენტები ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, კიბერდანაშაულზე, კლიმატის ცვლილებებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ზოგიერთ წინასწარ დაუგეგმავ თემაზე იმსჯელებენ.
ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრაზე კრემლს დიდი მოლოდინი არ აქვს. ვაშინგტონსა და მოსკოვში თანხმდებიან, რომ ცივი ომის შემდეგ, მათი ურთიერთობა ასეთი დაძაბული არასდროს ყოფილა.
ბაიდენი გეგმავს, რომ პუტინთან ისეთი თემები განიხილოს, როგორებიცაა კიბერთავდასხმები, სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, აშშ-ის არჩევნებში ჩარევა და პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამ საკითხებზე პუტინმა სამიტის წინ NBC News-თან ვრცელ ინტერვიუში დამცინავად ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება აშშ-ის პოლიტიკაზე გადაიტანა, მათ შორის ისაუბრა, NATO-ს გაფართოებაზე, დაწესებულ სანქციებსა და ლიბიაში დესტაბილიზაციაში აშშ-ის როლზე.
რუსეთის დელეგაციაში არიან კრემლის საგარეო პოლიტიკის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მისი მოადგილე სერგეი რიაბკოვი, აშშ-ის ელჩი ანატოლი ანტონოვი, კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი და პუტინის წარმომადგენლები უკრაინასა და სირიაში.
ლიდერებს შორის ერთი-ერთზე შეხვედრა დაგეგმილი არ არის. გაფართოებული შეხვედრების დაწყებამდე, პირველი შეხვედრა ხვალ, 13:00 საათზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის ჩართულობით იგეგმება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ილია არხიპოვი და ჯეიკ რუდნიცკი