LIVE

სასამართლოს ზეწოლის შემდეგ, ინდოეთმა 300 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა

03 ივნ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 514
სასამართლოს ზეწოლის შემდეგ, ინდოეთმა 300 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა
Bloomberg

ინდოეთმა კორონავირუსის ვაქცინის ადგილობრივ მწარმოებელს 300 მილიონი დოზა შეუკვეთა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის კაბინეტს მოსახლეობის ვაქცინაციით უზრუნველყოფა მოსთხოვა.  

ცნობილია, რომ ჰაიდარაბადში მდებარე კომპანია Biological-E 15 მილიარდ რუპიას ($205 მილიონი) ავანსის სახით მიიღებს. მისი ვაქცინის კვლევა ამჟამად მე-3 ეტაპზეა. კომპანიის გეგმით, ვაქცინები აგვისტოდან დეკემბრამდე მზად იქნება.

მიმდინარე კვირაში უზენაესმა სასამართლომ მოდის ადმინისტრაციას მოსთხოვა შეემუშავებინა ვაქცინაციის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა და ღარიბებს დაიცავდა.

Biological-E ვაქცინას ბეილორის სამედიცინო კოლეჯთან თანამშრომლობით ამუშავებს. გასულ წელს კომპანიამ თქვა, რომ ვაქცინის ორი დოზა 28 დღის ინტერვალით გაკეთდება.

ვაქცინის დეფიციტის გამო, არსებული ტემპით, ინდოეთს მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციისთვის დაახლოებით ორი წელი დასჭირდება, თუმცა მთავრობა პირობას დებს, რომ 2021 წლის ბოლომდე ყველა ინდოელი აიცრება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია