ჰონგ-კონგელი დეველოპერები $1.4 მილიონიან ბინას სთავაზობენ მათ, ვინც Covid-19-ის წინააღმდეგ აიცრება.
"საქველმოქმედო ფონდი Ng Teng Fong, კომპანია Chinese Estates Holdings, ასევე Sino Group-ის საქველმოქმედო ორგანიზაცია, გთავაზობთ ახალ ბინებს Grand Central პროექტში Kwun Tong-ში",- ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.
ჰონგ-კონგის მაცხოვრებლებს, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის ორი დოზა, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ბინის გათამაშებაში. უფასო ბინა ნამდვილად მიმზიდველი იქნება ჰონგ-კონგში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მთავრობის მონაცემების თანახმად, კერძო საცხოვრებელი სახლების ფასმა აპრილში 21 თვის მაქსიმუმს მიაღწია.
ჰონგ-კონგის მთავრობა ვაქცინაციის კამპანიის წახალისებას ცდილობს. ამ მიზნით, ვაქცინირებულთათვის იხსნება ბარები და მსუბუქდება საკარანტინე წესები. Bloomberg-ის Covid-19 Vaccine Tracker-ის თანახმად, ჰონგ-კონგის 7,5 მილიონი მოსახლეობის მხოლოდ 12,6% არის ვაქცინირებული.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: შაუნა კვანი და ფელიქს ტამი